27/11/2023
11:05
კონფლიქტები
სოხუმის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ცალსახად მხარს უჭერს საქართველოს ერთიანობას და ტერიტორიულ მთლიანობას. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
„სომხეთის რესპუბლიკის დღევანდელი ხელისუფლება დასავლეთის გავლენის ქვეშ აკეთებს განცხადებებს, რომლებიც აფხაზეთის მიერ აღებულ კურსს ეწინააღმდეგება. აფხაზეთმა აირჩია დამოუკიდებელი ქვეყნის განვითარების კურსი. ბოლო განცხადებაში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ცალმხრივად მხარი დაუჭირა საქართველოს ერთიანობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და დემოკრატიას, რაც აფხაზეთის სუვერენიტეტის ფაქტს ძირეულად ეწინააღმდეგება. ამიტომ, გვსურს შევახსენოთ პრემიერ-მინისტრს ფაშინიანს, რომ აფხაზეთში პატივისცემით ეპყრობიან მთელ სომეხ ხალხს, რომლის ნაწილმა წარსულის ტრაგიკული მოვლენების დროს თავი აფხაზეთს შეაფარა.
დღეს სომხეთის სათვისტომო აფხაზეთის ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებაშია წარმოდგენილი, სომხური ენას და კულტურას მხარს უჭერს სახელმწიფო, სომხეთის სამოციქულო ეკლესია თავისუფლად ფუნქციონირებს.
აფხაზეთში მცხოვრებ სომხებს აქვთ ყველაფერი, რაც ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღის სომხებისთვის ვერ უზრუნველყო. მის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად ეს ადამიანებმა სახელმწიფოს ნგრევა და მშობლიური მიწიდან განდევნა მიიღეს. უფრო მეტიც, ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკის შედეგად სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობაც დაირღვა.
შესაბამისად, ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ერთიანობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და დემოკრატიის პრინციპები უფრო აფხაზეთს შეესაბამება, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს მთელ ტერიტორიას აკონტროლებს და რომელიც რუსეთის ფედერაციამ და სხვა ქვეყნებმა აღიარეს.
ამასთანავე, არც სომხეთი, არც მისი პრემიერ-მინისტრის მიერ მხარდაჭერილი საქართველო ამ კლასიფიკაციას არ შეესაბამება. მოვუწოდებთ სომხეთის ხელისუფლებას, რომ ინდოქტრინირებულ რიტორიკაზე უარი თქვას და ფაქტობრივ მდგომარეობას შეეგუოს საკუთარი საგარეო პოლიტიკის გატარებისას“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.
მანამდე ფაშინიანის სიტყვები სოხუმის დე ფაქტო პარლამენტის სომეხმა წევრებმა აშოტ მინასიანმა, გალუსტ ტრაპიზონიანმა და ლევონ გალუსტიანმა გააკრიტიკეს.
0
0