08/07/2024
18:22
კონფლიქტები
რუსებისთვის ივლისის შუა რიცხვებში ზღვისპირა დასვენების ყველაზე საბიუჯეტო ადგილი აფხაზეთია. ამის შესასხებ რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის მონაცემებში წერია, რომელიც მის ვებგვერდზე ვრცელდება.
ორი ადამიანისთვის ათდღიანი ტური აფხაზეთის სამვარსკვლავიან სასტუმროში განთავსებით, საუზმისა და მოსკოვიდან ფრენის ჩათვლით, 87,2 ათასი რუბლიდან (966 დოლარიდან) იწყება, მაშინ, როცა სოჭში ანალოგიური ტურპაკეტის მინიმალური ღირებულება 100,1 ათასი რუბლია (1,113 დოლარია).
მესამე ადგილზე არაბთა გაერთიანებული საემიროებია, სადაც ორ კაცზე ყველაზე იაფი ათდღიანი ტური ოთხვარსკვლავიან სასტუმროში განთავსებით, საუზმისა და ავიაბილეთის ჩათვლით, 121,5 ათასი რუბლი (1,345 დოლარი) ღირს.
ხუთეულში, ასევე, შედის ჰაინანი (საუზმით 123,6 ათასი რუბლიდან, 1,364 დოლარიდან) და ეგვიპტე (all inclusive 131,3 ათასი რუბლიდან, 1,449 დოლარიდან).
შრი-ლანკასა და ვიეტნამში ტურების ღირებულება 140 ათას რუბლამდეა (1,543 დოლარამდეა), ხოლო რუსებს შორის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებაზე, თურქეთში ტურისტული პაკეტის შეძენა, დაახლოებით, 200 ათასი რუბლი (2,202 დოლარი) ღირს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ივლისს აფხაზეთში ამ ტურპაკეტის ღირებულება გასული წლის ივლისის ბოლოს არსებულ მინიმალურ ფასზე 64%-ით მეტია.
აფხაზეთი, ასევე, ლიდერობს უცხოურ მიმართლებებზე 11-17 ივლისს გაყიდული ტურისტული პაკეტების საშუალო ფასების რეიტინგშიც, რომლის მიხედვითაც, ორ ადამიანზე ათდღიანი ტურის ღირებულება, პოპულარულ სასტუმროში განსახლებითა და მოსკოვიდან ავიაბილეთით, 114 ათას რუბლამდე (1,272 დოლარამდე) შეადგენს.
მას მოსდევს არაბეთის გაერთიანებული საემიროები (144 ათასი რუბლი, 1,607 დოლარი), ტაილანდი (173 ათასი რუბლი, 1,931 დოლარი), ეგვიპტე (178 ათასი რუბლი,1,995 დოლარი), ვიეტნამი (188 ათასი რუბლი, 2,114 დოლარი) და თურქეთი (193 ათასი რუბლი, 2,170 დოლარი). ყველა სხვა მიმართულების საშუალო ფასი 250 ათას რუბლს (2,789 დოლარს) აღემატება.
0
0