16/12/2022
12:12
კონფლიქტები
აფხაზ ბლოგერს დაურ ბუავას, რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთში სახელმწიფო ღალატში დასდეს ბრალი, საქართველოს მოქალაქის პასპორტი გადაეცა. ამის შესახებ ბუავამ სოციალურ ქსელში დაწერა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
ბუავა ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული პროცედურით მიანიჭეს. მისივე ინფორმაციით, იანვრიდან საქართველოს მოქალაქეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს გამარტივებულად მიანიჭებენ.
„ოფიციალური თბილისი აფხაზეთის მოსახლეობას საკუთარ მოქალაქეებად მიიჩნევს, იგივე ეხება სამაჩაბლოსაც. მოქალაქეობის მისაღებად საბუთების არც თუ ისე დიდი რაოდენობაა აუცილებელი, რომელიც თქვენს ვინაობას ადასტურებს“ - განაცხადა ბუავამ.
ბუავა თბილისში საცხოვრებლად გასული წლის შემოდგომაზე გადავიდა. ის ახალგაზრდული მოძრაობის, „ამრას“ ერთ-ერთი დამფუძნებელია.
ბუავას “ტიკტოკზე” აკაუნტი აქვს, რაც მის მოწინააღმდეგე სოხუმში გამოთქმული ბრალდებების მიზეზი გახდა.
სოხუმის ე.წ. უშიშროების სამსახურში მიაჩნიათ, რომ ბუავას მიერ გავრცელებული ვიდეოები „რესპუბლიკის“ სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და უშიშროებას საფრთხეს უქმნის.
სოხუმში ამბობენ, რომ ბუავა საქართველოსთან აფხაზეთის მიერთების მომხრეა და ამით „უცხო ქვეყანას მტრულ ქმედებებში ხელს უწყობს“.
0
0