30/05/2022
11:36
მსოფლიო
„აფრიკის ქვეყნების მოსახლეობა ხორბლის ფქვილში, დაახლოებით, 45%-ით მეტს იხდის, რადგან რუსეთ-უკრაინის ომი შავი ზღვიდან მარცვლეულის ექსპორტს აფერხებს,“ - იუწყება Associated Press-ი.
ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა სომალი, ხორბლის 90 პროცენტზე მეტს რუსეთიდან და უკრაინიდან იღებს. ამიტომ მოსახლეობის დიდი ნაწილი იძულებულია, ხორბალი სხვა მარცვლეულით ჩაანაცვლოს. თუმცა მათი ფასიც მკვეთრად იზრდება, რაც აფრიკის რქის უფრო ფართო ზონაში არსებული სასურსათო კრიზისის გარდა, მუდმივი გვალვით არის გამოწვეული.
სენეგალის პრეზიდენტი აფრიკელებს ადგილობრივი წარმოების მარცვლეულის მოხმარებისკენ მოუწოდებს, რომელიც „ოდესღაც მათი კვების რაციონის ძირითადი შემადგენელი ნაწილი იყო“.
გაეროს ინფორმაციით, მუდმივი გვალვის შედეგად, აფრიკის რქის რეგიონში მცხოვრები 13 მილიონამდე ადამიანი მძიმე შიმშილის საფრთხის წინაშე დგას. იგივე კრიზისი ემუქრება კიდევ 18 მილიონ ადამიანს საჰელში, საჰარას უდაბნოს ქვემო ზონაში, სადაც ფერმერებს ყველაზე მეტად უჭირთ სასოფლო-სამეურნეო წარმოება ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის მიხედვით, ზაფხულის ბოლოს სურსათის დეფიციტთან დაკავშირებული პრობლემა შესაძლოა უფრო გამწვავდეს.
ხორბლის იმპორტის დეფიციტთან ერთად, აფრიკის განვითარების ბანკი ასევე კონტინენტზე საკვების წარმოების 20%-იან შემცირებას პროგნოზირებს, რადგან ფერმერებს იმპორტირებული სასუქისთვის 300%-ით მეტის გადახდა უწევთ. ორგანიზაცია პრობლემების მოგვარებას 1,5 მილიარდი დოლარის გამოყოფით გეგმავს, რომელიც აფრიკის ფერმერებს სერტიფიცირებული თესლებით, სასუქებით და სხვა სახის დახმარებას გაუწევს. იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება აფრიკის განვითარების ბანკის მიერ შემუშავებული სტრატეგიის ნაწილია, თუმცა ამ ეკონომიკურ ცვლილებებს, სავარაუდოდ, წლები დასჭირდება და არა თვეები.
0
0