01/09/2022
16:27
სამართალი
თბილისის მერი კახა კალაძე „ტვ პირველისგან“ და ჟურნალისტ მაია მამულაშვილისგან საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას და 100 000 ლარის დაკისრებას ითხოვს.
როგორც დღევანდელ ბრიფინგზე კახა კალაძის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, 2022 წლის 5 ივნისს „ტვ პირველის“ ეთერში მაია მამულაშვილმა კალაძე კორუფციაში უსაფუძვლოდ დაადანაშაულა, რის გამოც კალაძე მამულაშვილს სასამართლოში უჩივის.
„სად გადის ზღვარი გადამოწმებულ, გადაუმოწმებელ ინფორმაციას, ცილისწამებას შორის, ეს ერთხელ და სამუდამოდ სასამართლომ უნდა დაადგინოს. 2022 წლის 5 ივნისს „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა მაია მამულაშვილის საავტორო გადაცემა „დღის ამბები“, სადაც ჟურნალისტის მიერ გაკეთებულ იქნა შემდეგი შინაარსის განცხადება: „კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო, ეს არის ოფიციალური ინფორმაცია, მე არ ვიგონებ, 60 მილიონი ჩაიდო ჯიბეში კახა კალაძემ, დოკუმენტებია, ჩვენ არ დაგვიწერია ის დოკუმენტები“, – აქ არაა წყაროზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია, რისი უფლებაც სრულად აქვთ ჟურნალისტებს. რამდენჯერმე დამაჯერებელ ფორმაში თქვა ჟურნალისტმა, რომ 60 მილიონი ჩაიდო ჯიბეში და ამაზე არსებობს კონკრეტული დოკუმენტაცია.
20 ივნისს კალაძემ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით ცილისმწამებლური ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. სარჩელი 2022 წლის 24 აგვისტოს „ტვ პირველს“ და მაია მამულაშვილს ჩაბარდა საკურიერო ფოსტის მეშვეობით. სამი დღე დარჩათ შესაგებლის წარმოსადგენად. მოვუწოდებთ ჩვენს ოპონენტებს, მოპასუხეებს, რომ კანონით დადგენილ ვადაში წარმოადგინონ შესაგებელი. სამი დღის ვადაში აქვთ უფლება, წარმოადგინონ შესაგებელი. ჩვენს მხარეს პირველ რიგში გვაინტერესებს ის დოკუმენტაცია, რომელზეც საუბრობდა ჟურნალისტი მაია მამულაშვილი. კონკრეტული დოკუმენტები, რომ კალაძემ 60 მილიონი ჩაიდო ჯიბეში, ეს კალაძის დისკრედიტაციას და არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ისახავდა მიზნად. ეს არის ტყუილი და ცილისწამება. თუ ვერ იქნა წარმოდგენილი კონკრეტული დოკუმენტაცია, მაშინ ჟურნალისტმა და ტელევიზიამ კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე. დღესაც შეუძლიათ ამ ცნობების უარყოფა, სულ არაა აუცილებელი სასამართლო დავები“, – განაცხადა გაბუნიამ და განმარტა, რომ კალაძე არც ერთ ცრუ ბრალდებას რეაგირების გარეშე არ დატოვებს.
0
0