20/09/2021
12:39
სამართალი
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა მის მიმართ გამოტანილ ყველა განაჩენს გაასაჩივრებს. აღნიშნულის შესახებ ქარდავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა.
ველიჯანაშვილი ქარდავას დღეს პირველად ხვდება, ისინი დაცვის სტრატეგიაზე ისაუბრებენ.
„ყველა განაჩენის გასაჩივრება იგეგმება, პირველ რიგში მოხდება გეგმის შემუშავება და სტრატეგიის დაგეგმვა. ალბათ, ყველა განაჩენს გავასაჩივრებთ და გადაწყდება ყველა მიმდინარე პროცესზე მიიღებს თუ არა აქტიურად მონაწილეობას. გადაწყვეტილებების გასაჩივრებას ვადა დაკავებიდან - ექსტრადირებიდან ერთ თვეში აქვს. სასჯელი დამდგარია 6 საქმეზე, პროკურატურა არეულია, საექსტრადიციო მასალებიც საინტერესო იქნება, რომელ საქმეზე მოხდა გადმოცემა, ეს მნიშვნელოვანია. პროკურატურის მხრიდან არ გასაჯაროებულა იმ საქმეების ჩამონათვალი, თუ რომელ საქმეებზე განხორციელდა მისი ექსტრადირება. ის არც ერთ ბრალს არ აღიარებს",- განაცხადა ველიჯანაშვილმა.
ცნობისთვის, მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირება 17 სექტემბერს მოხდა. მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის 5 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი, 6 საქმეზე კი სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.
მეგის ქარდავას მიმართ რამდენიმე საქმეზე, მათ შორის ნავთლუღის სპეცოპერაციის, „ციხის ბუნტის“, სერგო თეთრაძის, ე.წ. კასრების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი.
0
0