26/04/2024
17:25
სამართალი
აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლებულმა ჟურნალისტმა თეონა ბაკურიძემ არხს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დავა მოუგო - ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს.
"ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის გიორგი კოხრეიძის ბრძანებები - ჩემი ეთერიდან მოხსნის და გათავისუფლების შესახებ. (არ ვიცი შერცხვება თუ არა პირველი ინსტანციის მოსამართლეს, მაგრამ მახარებს რომ სისტემაში არიან კეთილსინდისიერი მოსამართლეებიც)
სისტემამ, რასაც ვუპირისპირდებოდით, მაშინაც იცოდა რომ უკანონო იყო ჩემი გათავისუფლება, მაგრამ მათ სჭირდებოდათ დრო რომელიც მოიგეს - 4 წელი. სჭირდებოდათ ჩვენი ჩამოცილება სარედაქციო პოლიტიკიდან" - წერს ბაკურიძე.
მისივე ცნობით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა დისკრიმინაციის ნაწილი, რაზეც დავას გააგრძელებენ. როგორც ჟურნალისტი წერს, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 6 თვის ხელფასის სახით.
2020 წლის 13 მარტს აჭარის ტელევიზიის წამყვანი, თეონა ბაკურიძე, მაშინდელმა დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ გაათავისუფლა.
0
0