26/10/2024
12:08
არჩევნები 2024
აჭარაში საარჩევნო უბნებზე ათობით საჩივარი დაიწერა,- ამის შესახებ ბათუმში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ სპიკერმა ნიკა ქაშიბაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ საარჩევნო უბნებზე მანიპულაციის გზით არჩევნების გაყალბებას ახდენს. როგორც ქაშიბაძე აცხადებს, საარჩევნო უბნებთან მობილიზებული მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენენ. ქაშიბაძე საარჩევნო კომისიებს რეაგირებას სთხოვს.
„უბნებთან „ქართული ოცნების” წარმომადგენლები მობილიზებული არიან და ზეწოლას ახდენენ, ისინი სიებით დგანან. ჩვენი ინფორმაციით სამარშრუტო ტაქსებში ხდება თანხების გადაცემა. ყველა მუნიციპალიტეტში მასიურად ხდება ორ-ორი ბიულეტენის გადაცემა რეგისტრატორების მიერ. ჩვენი ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარეებთან და გამყალბებელ რეგისტრატორთან პირდაპირი კომუნიკაცია აქვთ „ქართული ოცნების” შტაბიდან და აწვდიან სახელ- გვარს, ვის უნდა გადასცენ ორი ბიულეტენი.
გვინდა გავაფრთხილოთ ყველა კომისიის წევრი, ეს არის გაყალბების ორგანიზებული დანაშაული და ყველა აგებს პასუხს აუცილებლად.
ხულოში ზოგიერთ უბანზე არ არის ელექტროენერგია. ვეჭვობთ, რომ ხელისუფლება ელექტრონული არჩევნებიდან მექანიკურზე გადაყვანას ცდილობს, იქ უბნებზე არის გაუსაძლისი სიცივე, რაც ხელს უშლის არჩევნებზე დაკვირვებას“, - აცხადებს ნიკა ქაშიბაძე.
0
0