10/02/2022
16:09
მსოფლიო
მარინელა ბერეტა, ლომბარდიაში, კომოს ტბასთან, მარტო ცხოვრობდა. მისი გახრწნილი ცხედარი კომოს პროვინციის სახანძრო ბრიგადამ გარდაცვლილის ბაღში ჭარბი ნარგავების შედეგად ხის წაქცევის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ აღმოაჩინა. 9 თებერვალს, კომოს მერიის პრესსპიკერმა, ფრანჩესკა მანფრედიმ CNN-თან ინფორმაცია დაადასტურა.
SkyTg24-ის ინფორმაციით, მარინელა ბერეტას ცხედარი მისაღებ ოთახში სკამზე მჯდომარე იპოვეს.
როგორც მანფრედიმ CNN-ს განუცხადა, ბერეტას გარდაცვალების მიზეზი უცნობია, ექსპერტმა კი, ცხედრის შესწავლის საფუძველზე, დაადგინა, რომ ქალი 2019 წლის ბოლოს გარდაიცვალა.
„მარინელა ბერეტას ახლობლები ჯერჯერობით არ გამოჩენილან. პოლიცია ასევე იძიებს, ჰყავს თუ არა მას ცოცხალი ნათესავები ან ოჯახი. ბერეტას ცხედარი მორგში რჩება, მისი დაკრძალვის თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის,“ - თქვა მანფრედიმ.
კომოს მერმა, მარიო ლანდრისცინამ, ქალაქის მოსახლეობა ბერეტას დაკრძალვაზე დასასწრებად მიიწვია. სამშაბათს მან იტალიურ პრესას განუცხადა, რომ დაკრძალვის უზრუნველყოფაზე ადგილობრივი ხელისუფლება იზრუნებს.
„მარინელა ბერეტა ადგილობრივი სოციალური სერვისებით დახმარების სიაში არ დაფიქსირებულა. ეს არის ერთიანობის მომენტი, ის მარტო არ უნდა იყოს; თუნდაც ამ ქალს ნათესავები არ ჰყავდეს, ჩვენ უნდა გავხდეთ მისი ახლობლები“, - თქვა კომოს მერმა, მარიო ლანდრისცინამ.
0
0