09/10/2024
13:57
სამართალი
7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულების, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიმართ დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო.
სახელმწიფო ბრალმდებლების განმარტებით, საქმეზე ახალი გარემოებები გამოკვეთილი არ არის, რაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი იქნებოდა, შესაბამისად, პატიმრობა ძალაში უნდა დარჩენილიყო.
დაცვის მხარე ამ პოზიციას არ დაეთანხმა და აღნიშნეს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული იქნებოდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის ერთი მოწმე დაიკითხა. ასევე, საზოგადოებას მიმართა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
შემდეგი სასამართლო პროცესი 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.
0
0