22/05/2024
14:01
სამართალი
7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატებმა, ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაშავებულების სოლიდარობის ნიშნად, სასამართლოს სხდომათა დარბაზი დატოვეს.
როგორც ბასილაიამ სასამართლოში აღნიშნა, ამ მოცემულობით, ისინი დღევანდელ სხდომას დატოვებენ, ხოლო დაესწრებიან თუ არა ისინი შემდეგ პროცესებს, ეს შემდეგში გახდება ცნობილი.
"მაშინ, როდესაც ფორმიანი ნიღბიანები სასტიკად უსწორდებიან მოქალაქეებს, დღისით, მზისით, ჩვენს თვალწინ და ამაზე არავინაა დასჯილი, მაშინ, როცა ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ბანდები, აქტივისტებს და პოლიტიკოსებს სადარბაზოებთან ხვდებიან, სასტიკად უსწორდებიან ფიზიკურად, ამაზე არავინაა დასჯილი. 7 ნოემბრის დღევანდელ პროცესს ვერ გავაგრძელებდით იმ ადამიანების სოლიდარობის ნიშნად, რომლებიც რეჟიმის მხრიდან სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდნენ",- განაცხადა ბასილაიამ.
რაც შეეხება შს ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს, როგორც მისმა ადვოკატმა სოფიო გოგლიჩიძემ სხდომაზე აღნიშნა, ის კოლეგების გადაწყვეტილებას პატივს სცემს, თუმცა, მისთვის ეს ფაქტი მოულოდნელი იყო, პოზიცია ვანო მერაბიშვილთან შეთანხმებული არ ჰქონდა, რის გამოც, ის სხდომათა დარბაზს ვერ დატოვებდა, რათა დაცვის უფლება არ დაერღვია.
დღევანდელ სხდომაზე ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გადასინჯვაც უნდა მომხდარიყო, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარის, ნინო ელეშვილის განმარტებით, ადვოკატებმა აღნიშნული პირები დაცვის გარეშე დატოვეს, რის გამოც სხდომა გადაიდო.
მოსამართლის განმარტებით, შემდეგი სხდომიდან ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილს და მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს ხარჯზე დაენიშნებათ ადვოკატები, ვინაიდან ელიეშვილის თქმით, ადვკატებმა არ გააჟღერეს პოზიცია, ისინი მომდევნო სხდომაზე გამოცხადდებიან თუ არა.
შემდეგი სასამართლო პროცესი 24 მაისს, 11:00 საათზე გაიმართება და მხოლოდ აღკვეთოს ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელებენ.
0
0