14/06/2024
16:51
სამართალი
თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ 62 წლის მამაკაცს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა განუცხადა. მან მისი დაცვის ქვეშ მყოფი დროებითი მოთავსების იზოლატორში უკვე მოინახულა.
ადვოკატის განმარტებით, მამაკაცს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, ხვალ წაუყენებენ.
„ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს, ეს პერსონალური ინფორმაციაა. სამედიცინო ჩარევა იზოლატორში არ დაჭირვებია, მაგრამ მას დაზიანებებიც აქვს. ბრალის წარდგენის შემდეგ შევათანხმებ პოზიციას“, - განაცხადა ადვოკატმა.
კითხვაზე, თუ როდის მიიღო დაკავებულმა მამაკაცმა დაზიანებები, შემთხვევის დროს, თუ დაკავებისას, ადვოკატი პასუხობს, რომ „სავარაუდოდ, შემთხვევის დროს მიიღო“.
ცნობისთვის, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში წუხელ, 12 ივნისს 50 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 62 წლის პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
0
0