16/10/2023
12:25
სპორტი
მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების Forbes-ის წლევანდელ რეიტინგში 11 მოთამაშე მოხვდა, რომლებზეც პროგნოზირებენ, რომ, გადასახადებისა და აგენტების საკომისიოების გადახდამდე, ამ სეზონზე ერთობლივად 995 მლნ დოლარს გამოიმუშავებენ. ეს შარშანდელ შემოსავალზე 53%-ით მეტია, როცა რეიტინგში შესულმა 10-მა მოთამაშემ სეზონზე რეკორდული 652 მლნ დოლარი გამოიმუშავა.
რეიტინგის ოთხი ფეხბურთელი საუდის არაბეთის პროფესიონალური ლიგის მოთამაშეა, რომელთა წილიც წლევანდელ მონაწილეთა მთლიანი შემოსავლის ნახევარზე მეტს შეადგენს. თავის მხრივ, საუდის არაბეთის პროფესიონალურმა ლიგამ წლევანდელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 94 ლეგინერის შეძენაზე მილიარდ დოლარამდე დახარჯა.
Forbes-ის 2023 წლის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები არიან:
კრიშტიანუ რონალდუ, 38 წლის - 260 მლნ დოლარი (კლუბი: „ალ ნასრი“)
ლიონელ მესი, 36 წლის – 135 მლნ დოლარი („ინტერ მაიამი“)
ნეიმარი, 31 წლის – 112 მლნ დოლარი („ალ-ჰილალი“)
კილიან მბაპე, 24 წლის – 110 მლნ დოლარი („პარი სენ-ჟერმენი“)
კარიმ ბენზემა, 35 წლის – 106 მლნ დოლარი („ალ-იტიჰადი“)
ერლინგ ხოლანდი, 23 წლის – 58 მლნ დოლარი („მანჩესტერ სიტი“)
მოჰამედ სალაჰი, 31 წლის – 53 მლნ დოლარი („ლივერპული“)
სადიო მანე, 31 წლის – 52 მლნ დოლარი („ალ-ნასრი“)
კევინ დე ბრუინი, 32 წლის – 39 მლნ დოლარი („მანჩესტერ სიტი“)
ჰარი კეინი, 30 წლის – 36 მლნ დოლარი (მიუნხენის „ბაიერნი“)
რობერტ ლევანდოვსკი, 35 წლის – 34 მლნ დოლარი („ბარსელონა“)
Forbes-ის სტატისტიკით, კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგს 2014-23 წლებში 6-ჯერ, 2014, 2015,1016,2017,2021,2023 წლებში ლიდერობდა. მესი ამ პერიოდში რეიტინგის ლიდერი 3-ჯერ, კერძოდ, 2018, 2019 და 2020 წლებში იყო, ხოლო მბაპე რეიტინგის სათავეში მხოლოდ გასულ 2022 წელს მოხვდა.
Forbes მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს სპორტიდან და მის ფარგლებს გარეთ მიღებული შემოასავლის მიხედვით აფასებს. სპორტული შემოსავალი მოიცავს ხელფასს, ბონუსებსა და ზოგჯერ კლუბთან გარიგებებს ფეხბურთელის გამოსახულების გამოყენების უფლებისთვის. არასპორტული შემოსავალი ასახავს სპონსორობიდან და სალიცენზიო ხელშეკრულებებიდან, ღონისძიებებზე გამოსვლებიდან, სამახსოვრო ნივთებზე ფეხბურთელის სახელის ან გამოსახულების შედეგად, ასევე, სპორტსმენის ბიზნესიდან მიღებულ წლიურ ნაღდ ფულს.
0
0