26/06/2024
12:23
სამართალი
21 წლის ქეთევან ჯავახიშვილი ოთარ ცინდელიანმა ფაქტობრივად დაჩეხილ მდგომარეობაში დატოვა. მას დანა იმ დოზით ჰქონდა დარტყმული, რომ მისგან დანის წვერი სამედიცინო ექსპერტიზით იქნა ამოღებული, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
სასამართლო პროცესზე, რომელიც ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ.
პროკურორ ვეფხვაძის განმარტებით, ქეთევან ჯავახიშვილს 59 ჭრილობა კისრის, სახის, თავის, ზურგის, ზედა და ქვედა კიდურებზე და მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული.
„ქეთევან ჯავახიშვილი დედის ნათლული იყო, ნათესავური კავშირი ჰქონდა. ქეთევან ჯავახიშვილი ბრალდებულის მხრიდან სისტემატურად განიცდიდა ფსიქიკურ ზემოქმედებას, თუმცა, მისი ეშინოდა, რაც ფსიქოლოგთანაც დაფიქსირებული ჰქონდა. ცინდელიანი ჯავახიშვილს ემუქრებოდა, თუკი, ის აღნიშნულის შესახებ იტყოდა ვინმესთან, ის გაამხელდა, რომ მასთან ურთიერთობა ჰქონდა.
28 თებერვალს, ოთარ ცინდელიანი სვანეთიდან ჩამოვიდა, ის მთელი დღის განმავლობაში წერდა ჯავახიშვილს, რომ მისი ნახვა უნდოდა. მიმოწერებიდან ჩანს, როგორ აყენებს შეურაცხყოფას, როგორ მბრძანებლობს, რადგან მას საკუთარი თავი ჯავახიშვილის მესაკუთრედ მიაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯავახიშვილი მას ეუბნებოდა, გვიანი იყო, ოჯახის წევრები სახლში იყვნენ და ვერ გავიდოდა, ცინდელიანი მას დაჟინებით სთხოვდა შეხვედრას და უთითებდა, რომ მასთან ურთიერთობის დამყარება სურდა. დაახლოებით, 02:30 საათზე, ჯავახიშვილი საცხოვრებელი სახლიდან გამოდის და იქვე, ე.წ. სახერხთან, ჩაღრმავებულ ადგილას ხვდება.
ქეთევან ჯავახიშვილს ჭრილობები კისრის, სახის, თავის, ზურგის, ზედა და ქვედა კიდურებზე, მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული, ის ოთარ ცინდელიანმა დაჩეხილ მდგომარეობაში დატოვა, იმ დოზით აქვს დარტყმული, რომ ქეთევან ჯავახიშვილისგან სამედიცინო ექსპერტიზით იქნა დანის წვერი ამოღებული.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ცინდელიანი ბებიასთან მიდის, იბანს და სისხლიან ტანსაცმელს ყრის, შემდეგ კი მამას უკავშირდება და ზუგდიდში მიემართება, საიდანაც სვანეთში გადასვლას ცდილობს. 02:30 საათია მკვლელობის დრო, მთელი დღის გასვლა რატომ დასჭირდა, რომ პოლიციაში გამოცხადებულიყო? ეს არ არის გამოცხადება, ეს არ არის თანამშრომლობა. ქეთევან ჯავახიშვილი 59 ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი იმდენად დასახიჩრებული იყო, მეზობელს ის მამაკაცი ეგონა, მასთან შემდეგ მამა მივიდა, ცხედარი გადმოაბრუნა და მისი დასახიჩრებული შვილი შერჩა. პრაქტიკულად არც ერთი ორგანო მთელი არ ჰქონდა, ამაზე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა ბრალდების მხარეს ვერ წარმოუდგენია, ეს იყო გენდერის ნიშნით ჩადენილი მკვლელობა.
ოთარ ცინდელიანი ნარკოტიკებს სისტემატურად მოიხმარდა",- განაცხადა ვეფხვაძემ.
დაცვის მხარის განცხადებით კი, მკვლელობა გენდერის ნიშნით არ ყოფილა ჩადენილი.
ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს.
ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.
ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0