27/08/2024
14:39
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარების, ასევე სხვისი ნივთის განადგურების ფაქტებზე, კიდევ სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ პირს მარნეულის მუნიციპალიტეტში დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში ეხმარებოდნენ, რა დროსაც დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობის და ნივთების განადგურების მუქარით დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი ავტომანქანა დაუწვეს.
პროკურატურის ცნობით, დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (გამოძალვაში დახმარება, დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების და მისი ნივთის განადგურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით), 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სხვისი ნივთის განადგურება ჯგუფურად, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინათ.
„პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ერთ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, ხოლო ორი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა.
აღსანიშნავია, რომ ამავე სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 16 აგვისტოს სასამართლომ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აცხადებენ პროკურატურაში.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024