15/10/2024
18:23
არჩევნები 2024
26 ოქტომბერს კახა კალაძე მთელ გუნდთან ერთად კიდევ ერთხელ მოიგებს მორიგ ჩემპიონთა ლიგას და დამარცხდება ყველა ის ადამიანი, რომელიც კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ გულშემატკივრობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოში გერმანიის ელჩის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსთან დაკავშირებით.
„მინდა, მას ვუთხრა, რომ 26 ოქტომბერს კახა კალაძე მთელ გუნდთან ერთად კიდევ ერთხელ მოიგებს მორიგ ჩემპიონთა ლიგას და დამარცხდება ყველა ის ადამიანი, რომელიც კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ გულშემატკივრობს, იქნება ეს ქართველი თუ უცხოელი. რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება და ნებისმიერი გულშემატკივრობა ამ მოვლენის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გუშინ, 14 ოქტომბერს დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს, რა კომენტარს გააკეთებდა გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრის, ანა ლურმანის განცხადებაზე, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას. საკითხის შეფასებისას კახა კალაძემ აღნიშნა, რომ „ეს ქალბატონი ჩვეულებრივი კუბილიუსია კაბაში“. მოგვიანებით, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა კალაძის საპასუხოდ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა: „ვიღაცამ დღეს ავტოგოლი გაიტანა“.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024