30/09/2023
13:47
სპორტი
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის [IOC] გადაწყვეტილებით, 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ოლიმპიურ სოფელში ჰიჯაბი ნებადართული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელი ქვეყანა თავისი სპორტსმენებისთვის ოლიმპიადაზე ჰიჯაბის ტარებას კრძალავს.
საფრანგეთის სპორტის მინისტრის, ამელი უდეა-კასტერას განმარტებით, ფრანგი სპორტსმენებისთვის ჰიჯაბის ტარება სეკულარიზმის პრინციპის პატივსაცემად არის აკრძალული.
IOC-ის წარმომადგენლების თქმით, საფრანგეთის აკრძალვა ოლიმპიადის სხვა ქვეყნების სპორტსმენების მიმართ არ გავრცელდება.
"ოლიმპიური სოფლისთვის მოქმედებს IOC-ის წესები. არ არსებობს შეზღუდვები ჰიჯაბსა ან სხვა რელიგიურ თუ კულტურულ სამოსზე. შეჯიბრების დროს მოქმედებს შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციის (IF) მიერ დადგენილი რეგულაციები”. - ამბობენ IOC-ის წარმომადგენლები
ამასთანავე, ისინი რეგულაციის განხილვას საფრანგეთის ოლიმპიურ კომიტეტთან გეგმავენ.
"რადგან ფრანგული რეგულაცია ეხება მხოლოდ საფრანგეთის ნაკრების წევრებს, ჩვენ დავუკავშირდებით CNOSF-ს (საფრანგეთის ოლიმპიურ კომიტეტს), რათა უკეთ გავიგოთ სიტუაცია ფრანგ სპორტსმენებთან დაკავშირებით“. - თქვეს IOC-ის წარმომადგენლებმა
0
0