16/08/2023
13:39
ეკონომიკა
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში 126 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 19.0 პროცენტი მდებარეობს კახეთის რეგიონში, 17.5 პროცენტი ქვემო ქართლის რეგიონში, 15.1 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 13.5 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 11.1 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო 23.8 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.
ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წლის მეორე კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 115.5 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 38.2 პროცენტი – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 50.5 პროცენტი – ღორი, ხოლო 10.4 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი 0.9 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 463.7 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 14.5 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული, საიდანაც 30.4 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 42.7 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, 25.3 პროცენტი – ღორის ხორცზე, 1.6 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.
საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 13.7 ათას პირს, საიდანაც 37.0 პროცენტი შინამეურნეობების სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 065 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 33.8 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 12.7 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური – 30.0 ლარი.
ამასთან, საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 202 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც, 51.0 პროცენტი შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული. საანგარიშო პერიოდში მაცივრებში შენახული იყო 67.7 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 46.7 პროცენტი ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 25.2 პროცენტი – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 12.4 პროცენტი – თევზეული, 8.4 პროცენტი – ხილი და ბოსტნეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.
საქსტატის ცნობით, ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 5.8 მლნ. ლარი შეადგინა. 2023 წლის მეორე კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 113.5 მლნ. ლარის ღირებულების, 20.4 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 26.1 პროცენტი, საკუთარი წარმოების პროდუქციამ – 31.5 პროცენტი, ხოლო შესყიდულმა პროდუქციამ – 42.4 პროცენტი.
საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ საზღვარგარეთის ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 6.8 მლნ. ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 6.0 პროცენტს შეადგენს. ძირითადად რეალიზებულია ქათმის ხორცი, თევზეული, ხილი და ბოსტნეული.
0
0