06/11/2024
18:22
პოლიტიკა
2013 წელს დონალდ ტრამპმა მითხრა, რას ფიქრობ, მიშა, პრეზიდენტად ხელახლა კენჭი რომ ვიყაროო. ვუპასუხე, მიმაჩნია, რომ ძალიან მაგარი შანსები გაქვს-თქო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მაშინ ტრამპმა უთხრა, რომ მის გარშემო ამ შანსების არავის სჯეროდა.
„2013 წელს, უკვე პრეზიდენტობის შემდეგ, ნიუ იორკში ვიყავი, როცა მაიკლ კოენმა დამირეკა და მითხრა, შენთან დონალდს სურს დალაპარაკებაო და გადასცა მას ყურმილი. მკითხა, სად ხარო. ვუთხარი, რომ ნიუ იორკში ვიყავი, თუ გინდა მესტუმრე-მეთქი. დამპირდა, რომ გამომივლიდა უილიამსბურგში, თანაც მითხრა, რას ფიქრობ, მიშა, პრეზიდენტად ხელახლა კენჭი რომ ვიყაროო. ვუპასუხე: ხომ იცი ამის შესახებ ჩემი აზრი, ადრეც ბევრჯერ გვისაუბრია, რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ ძალიან მაგარი შანსები გაქვს-თქო. ცოტა იხტიბარგატეხილმა მიპასუხა: რა ვიცი, ჩემ გარშემო არავის არ სჯერა, რომ მაქვს შანსები. გავამხნევე, არ დაუჯერო-მეთქი. და მერე მაიკლს გადაულაპარაკა, ხომ ხედავ, ხომ გეუბნებოდი, მიშაც ამბობს, რომ მაქვს შანსებიო“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.
0
0