15/10/2024
21:35
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და „ქართული ოცნების“ 12-წლიანი მმართველობის უმთავრეს შედეგებზე ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უმძიმესი მემკვიდრეობის მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ სწრაფად შეძლო ქვეყნის განვითარების სწორი მიმართულებით შემოტრიალება და უზრუნველყო ქვეყნის ფუნდამენტური წინსვლა ყველა მიმართულებით.
„ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდი ლარიდან გავზარდეთ 90 მილიარდ ლარამდე, ხოლო 2028 წლისთვის 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება; ქვეყნის ბიუჯეტი 8.5 მილიარდი ლარიდან 28 მილიარდ ლარამდე გავზარდეთ, 2028 წელს კი, ბიუჯეტი 40 მილიარდ ლარს გადააჭარბებს; გავანახევრეთ უმუშევრობა. მხოლოდ ბოლო 2.5 წელიწადში შეიქმნა 170,000 სამუშაო ადგილი, ხოლო 2028 წლის ჩათვლით დამატებით 200,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება; 712.5 ლარიდან 2,005 ლარამდე გავზარდეთ საშუალო ხელფასი, რომელიც 2028 წელს 3,500 ლარს მიაღწევს; 2012 წლის შემდეგ, 680 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია სიღარიბე, ხოლო 2028 წლის ჩათვლით, სიღარიბეს დამატებით 300,000-მდე ადამიანი დაძლევს, რის შემდეგაც სიღარიბის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცდება; მხოლოდ გასული 2.5 წელიწადის განმავლობაში, 5 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიციები მოვიზიდეთ, ხოლო მომდევნო 4 წლის განმავლობაში, დამატებით 9 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოურ ინვესტიციებს მოვიზიდავთ; 2012 წლამდე მხოლოდ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი იყო აშენებული, 2012 წლის შემდეგ კი, ქვეყანაში 300 კილომეტრი ავტომაგისტრალი აშენდა. მომავალ წელს დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა, რაც სამეგრელოდან და სვანეთიდან ქვეყნის სხვა რეგიონებში და დედაქალაქში მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. აშენდება ახალი ავტომაგისტრალი თეკლათიდან ანაკლიამდე, რაც ბუნებრივია ანაკლიის პორტსაც მოემსახურება და ზოგადად ამ რეგიონს; ვიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას, რომელიც სამეგრელოს განვითარებას ახალ სტიმულს მისცემს; 2012 წლის შემდეგ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, შეიქმნა 700 ახალი საწარმო და გაფართოვდა 800 საწარმო. ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში, 2028 წლის ჩათვლით, ასობით ახალი საწარმო და 70,000 სამუშაო ადგილი შეიქმნება; 2-ჯერ გავზარდეთ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება. მომავალი 4 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ქართული სოფლის გაძლიერებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიარდი გამოიყოფა, ცნობისათვის დაახლოებით 10-ჯერ ნაკლები იყო გამოყოფილი 2012 წლისთვის; სწრაფად ვითარდება ტურიზმი. 2028 წლისთვის საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 11 მილიონს, ხოლო ტურიზმიდან შემოსავლები 6,4 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. ვიწყებთ მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობას; 2030 წელს საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 3-ჯერ გადააჭარბებს 2012 წლის მაჩვენებელს და საქართველო, ელექტროენერგეტიკული თვალსაზრისით, სრულიად თვითკმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა გახდება; 2 მილიარდ ლარზე მეტი გამოიყოფა რეგიონული განვითარების ფონდისთვის, 400 მილიონი სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის, 155 მილიონი მთის ფონდისთვის, ხოლო 200 მილიონი - მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამისთვის; 2012 წლის შემდეგ, 3-ჯერ გაიზარდა გაზიფიკაციის ტემპი და უკვე მომავალ წელს ბუნებრივი აირით მოსახლეობის 93% იქნება უზრუნველყოფილი. 15-ჯერ გაიზარდა სახელმწიფო ინვესტიციები წყალმომარაგებაში. მომავალ წელს 24-საათიან წყალმომარაგებაზე წვდომა ქვეყნის ყველა ქალაქს ექნება; 2012 წლამდე, ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, 2012 წლის შემდეგ კი, 109 იუსტიციის სახლი აშენდა, ხოლო მომავალი წლის ბოლომდე კიდევ 12 იუსტიციის სახლი გაიხსნება და ამით მთელი ქვეყანა დაიფარება; 2012 წლის შემდეგ, 4 ჯერ გავზარდეთ განათლების დაფინანსება. საბავშვო ბაღები გავხადეთ სრულიად უფასო და შემოვიღეთ უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა. ქვეყნის მასშტაბით დავასრულეთ 836 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია და დავიწყეთ 885 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა. ავაშენეთ 174 სკოლა და დავასრულეთ 1,000-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია, მომდევნო 4 წელიწადში კი, 500-ზე მეტი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდება; 4-ჯერ გაიზარდა სპორტის დაფინანსება და შედეგები არის სახეზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც სპორტულ მიღწევებზეც სათანადოდ აისახა და მომდევნო წლების განმავლობაში ვიწყებთ 2 მილიარდიან პროგრამას სპორტული ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებისთვის; ჩვენმა ხელისუფლებამ შემოიღო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და სხვა მიზნობრივი პროგრამები. 4-ჯერ გაიზარდა ქვეყნის სოციალური ბიუჯეტი და ჯანდაცვის დაფინანსება. შედეგად, 5-ჯერ გაუმჯობესდა ჯანდაცვის ფინანსური ხელმისაწვდომობა ჩვენი მოსახლეობისთვის, 72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანების რაოდენობა. 5-ჯერ გაფართოვდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი. 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები. 1 იანვრიდან, 70 წლამდე ასაკის პენსიონერთათვის პენსია 350 ლარი, ხოლო 70 წელს გადაცილებულ პენსიონერთათვის - 450 ლარი გახდება. შესაბამისად, 420 და 540 ლარამდე გაიზრდება პენსიები მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის; 35,000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო ღირსეული საცხოვრისი, ხოლო მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ, ბინებს ახლად აშენებულ კორპუსებში დამატებით 6,000 დევნილი ოჯახი მიიღებს, დღეს დავიწყეთ ზუგდიდში 1700 ოჯახისთვის განკუთვნილი სპეციალური საცხოვრებლის 7 კორპუსის მშენებლობა, რაც დასრულდება 2027 წელს,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024