11/09/2024
14:04
სამართალი
რაიმე მოლოდინი, რომ მურუსიძის დუქანში სამართალს ვიპოვით, არ მაქვს. ასეთი ქვეყანა შემოგვთავაზა 12-წლიანი მმართველობის თავზე ბიძინა ივანიშვილმა, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
პოლიტიკოსმა სააპელაციო სასამართლოში, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა 2000 - ლარიან ჯარიმასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, არცერთი პოლიციელი, რომელმაც მასზე იძალადა, დასჯილი არ არის.
"გვახსოვს ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომელიც სამართლიანობის აღდგენას, სასამართლოს წნეხისგან განთავისუფლებას და დემოკრატიით ევროპის გაოცებას გვპირდებოდა. ჩვენ ახლა ვასაჩივრებთ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას - 17 აპრილს კანცელარიასთან 20-მდე პოლიციელი ფიზიკურად მისწორდებოდა, საქართველოს პარლამენტის წევრს, რომელსაც კონსტიტუციურად იმუნიტეტი მიცავს. ინციდენტის შემდეგ არცერთი პოლიციელისთვის ბრალი არ არის წარდგენილი და მე 2000 ლარით დამაჯარიმეს, ხულიგნობდი და უმისამართოთ იგინებოდიო. იმათ არაფერი მოჰკითხეს, მე დამაჯარიმეს. რა თქმა უნდა, რაიმე მოლოდინი მურუსიძის დუქანში, რომ სამართალს ვიპოვით არ მაქვს. ასეთი ქვეყანა შემოგვთავაზა 12-წლიანი მმართველობის თავზე ბიძინა ივანიშვილმა" ,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილის ადვოკატის განცხადებით, არც მოძალადე პოლიციელები არიან დასჯილები და არც სპეციალური საგამოძიებო სამსახური ასრულებს თავის მოვალეობას.
"ნაცვლად იმისა, რომ ალეკო ელისაშვილზე მოძალადე პირების დაესაჯათ, გამოეკითხათ და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება შეესრულებინა, ნაცვლად, პირიქით ალეკო ელისაშვილის დაჯარიმება მივიღეთ. აპრილის აქციების დროს დააკავეს, უკანონოდ შეადგინეს დაკავების ოქმი და შემდგომ 12 ივლისს სამართალდამრღვევად ცნეს და 2000 ლარით დააჯარიმეს. იმედი ნაკლებად გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, თუმცა ჩვენ სამართლის ჩარჩოში ვცდებით და პროცედურებს მივყვებით და შევიტანეთ განცხადება ჯარიმის გაუქმებასთან დაკავშირებით", - განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.
0
0