07/11/2024
16:42
პოლიტიკა
2 000 000-მა მოქალაქემ დაზუსტებით გაიგო, რომ სასამართლო არ არსებობს - ამ ბრძოლას აუცილებლად ექნება სხვა გაგრძელება, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც იმ ფაქტს ეხმაურება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ხმის ფარულობის დარღვევის გამო, 1293 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით საია-ს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
როგორც ქურდოვანიძე აღნიშნავს, სასამართლომ ამომრჩეველს დააბრალა ის, რომ ხმის ფარულობის უფლება არ იყო დაცული.
„დასრულდა ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის გამო საიას საქმეების განხილვა. 29 ოქტომბერს, საიამ ყველა ოლქის (73 ოლქი) წინააღმდეგ დაიწყო სამართლებრივი დავა ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევის გამო და მოითხოვა ყველა ტექნოლოგიური უბნის შედეგების ბათილად ცნობა. ასეთია 2263 უბანი. ჩვენმა საქმემ მოიარა საქართველოში არსებული ყველა საქალაქო/რაიონული სასამართლო. ასეთი სულ 24 სასამართლოა და ორივე სააპელაციო სასამართლო.
სააპელაციო სასამართლოებმა გამოიტანეს საბოლოო გადაწყვეტილებები. სასამართლოებმა თქვეს, რომ ის, რაც საკუთარი გამოცდილებით იცის დაახლოებით 2 000 000-მა მოქალაქემ, სინამდვილეში არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ ბიულეტენების მეორე მხარეს რჩებოდა მარკერის კვალი (რაც არ უნდა დარჩენილიყო), ამომრჩეველი სათანადოდ მოხერხებული რომ ყოფილიყო, შეძლებდა ბიულეტენის მეორე მხარეს დატოვებული კვალი დაეფარა.
მიუხედავად ამგვარი გადაწყვეტილებისა, ამ საქმეს სხვა შედეგები აქვს:
ყველამ დანამდვილებით იცის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველყო არჩევნების იმგვარი ადმინისტრირება, რომ ხმის ფარულობის უფლება დაცული ყოფილიყო. დაზუსტებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ მომავალი არჩევნები ასეთი ბიულეტენითა და ხმის მიცემის პროცედურით ვეღარ ჩატარდება
ამ საქმემ სრულად გამოამჟღავნა სასამართლო სისტემის მანკიერებები. 2 000 000-მა მოქალაქემ დაზუსტებით გაიგო, რომ სასამართლო არ არსებობს. სასამართლომ ამომრჩეველს დააბრალა ის, რომ ხმის ფარულობის უფლება არ იყო დაცული, ამომრჩევლის ბრალია. ასეთ სასამართლოს ვერ ექნება საზოგადოების ნდობა.
ამ საქმემ ასევე დაგვანახა, რომ სისტემა ვერ იქნება დარწმუნებული, რომ კონტროლის მასშტაბების მიუხედავად, არ გამოჩნდებიან თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის მსგავსი მოქალაქეები, რომლებიც გაბედული გადაწყვეტილებებით დაუპირისპირდებიან მას.
ვუსვამთ კითხვას საკუთარ თავს:
იყო თუ არა ამ სტრატეგიით დავა გამართლებული?
რა მიიღო ამომრჩეველმა ამით?
დაუბრუნა ამომრჩეველს საარჩევნო უფლება?
რა სამართლებრივი გაგრძელება ექნება ამ საქმეს?
დაზუსტებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ჩვენ ვიცავდით ამომრჩევლის 90%-ის ინტერესებს, რომლის ხმის ფარულობის უფლება დაირღვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ საქმეზე დავა იყო ჩვენი ვალდებულება. ამ ბრძოლას აუცილებლად ექნება სხვა გაგრძელება.
აქვე მინდა საიას გუნდს საჯაროდაც ვუთხრა მადლობა. სხვადასხვა ფორმით ამ საქმეში ჩართული იყო საიას ყველა თანამშრომელი“,- წერს ქურდოვანიძე.
ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის ხმის ფარულობა დარღვეული იყო. კერძოდ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მესამე სექტორის სარჩელები, ხოლო, თეთრიწყაროს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საერთოდ გააუქმა, რომელიც ასევე ხმის ფარულობის დარღვევას გულისხმობდა. სააპელაციო სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმის” სარჩელები.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „ჩემი ხმის“ სარჩელებს თითქმის 24 საათი განიხილავდა.
0
0