14/11/2024
13:28
მსოფლიო
პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვაში ბრალდებულ ჯეკ ტეიშეირას 15 წელი მიუსაჯეს. არმიის ეროვნული გვარდიის ყოფილმა ჯარისკაცმა გასულ წელს პენტაგონის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო დოკუმენტი გაავრცელა.
22 წლის ტეიშეირამ მარტში თავი დამნაშავედ ცნო ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის შეგნებულად შენახვასა და გადაცემაში.
მასაჩუსეტში, საჰაერო ეროვნული გვარდიის 102-ე სადაზვერვო ფრთაზე ყოფნისას, ბიჭმა მოიპოვა წვდომა საიდუმლო მასალაზე, მათ შორის რუკებზე, სატელიტურ სურათებსა და დაზვერვის შესახებ აშშ-ს მოკავშირეებზე და დოკუმენტები ონლაინ პლატფორმაზე Discord-ზე გამოაქვეყნა, რომელიც ძირითადად პოპულარულია ონლაინ თამაშების მოყვარულებში.
დოკუმენტებს შორის, რომლებიც მან დახურული ჯგუფის წევრებს გაუზიარა, იყო კონფიდენციალური ინფორმაცია უკრაინის ომის შესახებ. ბიჭის ადვოკატები მისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ითხოვდნენ. სასჯელის შემცირების მოთხოვნისას, ისინი ამტკიცებდნენ, რომ თითქოს ბიჭს აბუჩად იგდებდნენ სკოლაში სწავლისას და მოგვიანებით სამხედრო სამსახურში.
პროკურორები უფრო ხანგრძლივ სასჯელს ითხოვდნენ, რადგან მათი განცხადებით, ეს იყო ჯაშუშობის აქტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სერიოზული დარღვევა აშშ-ს ისტორიაში.
"ბრალდებულმა ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ "ყველა პასუხისმგებლობა და შედეგი მხოლოდ მის მხრებზეა" - განაცხადეს ჟურნალისტებმა, რომლებიც ბოსტონის სასამართლო დარბაზში პროცესს ესწრებოდნენ.
ტეიშეირა მასაჩუსეტსის ეროვნულ გვარდიაში 2019 წელს ჩაირიცხა. თანამდებობიდან გამომდინარე, მას საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომის ნებართვა ჰქონდა.
მის მოსაპოვებლად, ტეიშეირამ ხელი მოაწერა "უვადო სავალდებულო ხელშეკრულებას გამჟღავნების შესახებ“, რომელშიც მან აღიარა, რომ „დაცული ინფორმაციის უნებართვო გამჟღავნებას მოჰყვებოდა მისი სისხლისსამართლებრივი დევნა“, - ნათქვამია სასამართლო დოკუმენტებში.
როგორ და რატომ გაავრცელა ტეიეშეირამ საიდუმლო ფაილები?
ტეიშეირა სოციალურ ქსელ "დისკორდზე" პოპულარობით სარგებლობდა. მან შექმნა ჩათი, სადაც შესვლა მხოლოდ მიწვევით იყო შესაძლებელი. ჩათრუმის, სახელად Thug Shaker Central-ის წევრები 30-მდე ახალგაზრდა მამაკაცი იყო, სხვადასხვა ქვეყნიდან.
Washington Post-ი იტყობინება, რომ ჯგუფის წევრები ერთმანეთს სახალისო ფოტოებს უზიარებდნენ, შეურაცხმყოფელ და რასისტულ ხუმრობებს ამბობდნენ, უყურებდნენ ფილმებს და ერთად ლოცულობდნენ.
ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ტეიშეირა ქარიზმატულ და იარაღებით გატაცებულ ახალგაზრდად დაახასიათა. ჯგუფის წევრთა თქმით, ის მუდმივად ცდილობდა, რომ დანარჩენებზე შთაბეჭდილება მოეხდინა.
"ის იყო კაცი, მითი და ის იყო ლეგენდა. ყველა პატივს სცემდა", - აცხადებს პრესასთან ერთ-ერთი ახალგაზრდა.
ტეიშეირამ ჯგუფის წევრებს უთხრა, რომ ისეთ დაწესებულებაში მუშაობდა, სადაც ტელეფონები აკრძალული იყო. ის ონლაინ სხვადასხვა სახელებით სარგებლობდა და ჩატში არაერთი სენსიტიური შინაარსის ინფორმაცია დაუწერია. ჩათრუმის ერთ-ერთი წევრი ამბობს, რომ მან ფაილების და ფოტოების გაზიარება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩატის ზოგიერთი წევრის ყურადღების ნაკლებობა იგრძნო.
ერთხელ, გაღიზიანებულმა ჯეკმა ჩატში მესიჯი გაგზავნა, სადაც ჩიოდა, რომ დანარჩენები Youtube-ის ვიდეოებით უფრო იყვნენ დაინტერესებული, ვიდრე მისი პოსტებით. "ის გაბრაზდა და თქვა, რომ თუ ასე უინტერესოდ მოვეპყრობოდით მის მიერ ატვირთულ ფაილებს, მაშინ საერთოდ შეწყვეტდა გამოგზავნას",- განაცხადა ერთ-ერთმა წევრმა.
ჩათრუმის ერთ-ერთ წევრს კიდევ ერთი თეორია ჰქონდა, თუ რატომ გადაწყვიტა ტეიშეირამ დოკუმენტების გაზიარება: "ეს ბიჭი ქრისტიანია, ის ომის წინააღმდეგია და უბრალოდ სურდა, რომ თავისი რამდენიმე მეგობრისთვის ეცნობებინა, რა ხდებოდა."
ფართომასშტაბიანმა გაჟონვამ პენტაგონი აიძულა გადახედოს საიდუმლო ინფორმაციის დამუშავების პრინციპებს.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024