07/10/2024
22:30
კულტურა
130 მილიონი არის გათვალისწინებული შემდეგი წლების განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას.
მისივე თქმით, დამატებით, სტანდარტული ზრდის მიღმა დაგეგმილია 30 მილიონი
ლარის გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც მოხმარდება ხელოვანთა და ხელოვნების მხარდაჭერას.
„თქვენ იცით რამხელა ინვესტიცია ჩაიდო გასული წლების განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, შენარჩუნების მიმართულებით. მხოლოდ ფონდ „ქართუს“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვთ ჩადებული ძალიან დიდი, მრავალმილიონიანი ინვესტიცია ამ მიმართულებით. 500-ზე მეტი მხოლოდ საეკლესიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლი იქნა აღდგენილი და შენარჩუნებული ჩვენი ქვეყნისთვის. დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“ ამისათვის. მთავრობაც ახორციელებს ინვესტიციებს და მომავალშიც გაგრძელდება ამ მიმართულებით ინვესტიციების ჩადება. 130 მილიონი არის გათვალისწინებული შემდეგი წლების განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით. დამატებით, სტანდარტული ზრდის მიღმა ჩვენ გვაქვს დაგეგმილი 30 მილიონი ლარის გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც მოხმარდება ხელოვანთა და ხელოვნების მხარდაჭერას. ეს იქნება საგანგებო ბიუჯეტი, რომელიც მიზანმიმართულად მოხმარდება ხელოვანთა მხარდაჭერას ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
0
0