28/12/2022
14:34
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის ექსპორტის დინამიკა მზარდია.
"2022 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 91.4 მლნ ლიტრი ღვინო. აღნიშნული მოცულობა უკვე აჭარბებს 2021 წლის რეკორდულ მაჩვენებელს - 80.5 მლნ ლიტრს", - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 2022 წლის 10 თვეში ღვინის ექსპორტი წლიურად 6.2%-ით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ჯამში თითქმის 201 მლნ აშშ დოლარის ღვინოა ექსპორტირებული.
განსაკუთრებით გაზრდილია ღვინის ექსპორტი რუსეთში. სტატისტიკის მიხედვით, 10 თვეში რუსეთში ექსპორტირებულია 129 მლნ დოლარის ღვინო, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდში 106 მლნ დოლარი იყო. ზრდა 21.6%-ს შეადგენს. ასევე, თითქმის 65%-მდეა გაზრდილი რუსეთის წილი ქართული ღვინის მთლიან ექსპორტში. გასულ წელს საქართველომ რეკორდული ღირებულების ღვინო გაიტანა ექსპორტზე და რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში 57%-მდე შეამცირა. გასულ წლებში რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში 60%-ის ფარგლებში იყო.
0
0