27/08/2024
20:55
სამართალი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სარჩელებთან დაკავშირებით 29 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელი სხდომა გაიმართება.
აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„2024 წლის 29 აგვისტოს, 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს პრეზიდენტი, ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „უფლებები საქართველო“, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და სხვები (სულ 122 მოსარჩელე), საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები (სულ 38 დეპუტატი), შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ და ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №1828, №1829, №1834, №1837).
წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ არის გამხდარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ადგენს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის წესსა და აწესრიგებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სადავოდ გამხდარი კანონი, მასში გამოყენებული ტერმინოლოგიითა თუ სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმის გათვალისწინებით, იწვევს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების სტიგმატიზაციას, მათი საქმიანობისთვის ხელშეშლას, დასახული მიზნების მიღწევის შეუძლებლობას და, საბოლოო ჯამში, მათი ფუნქციონირების შეფერხებას ან სულაც შეწყვეტას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები ლეგიტიმური მიზნისა და უცხოური გავლენის იდენტიფიცირების რელევანტური კრიტერიუმების არარსებობის პირობებში, აზიანებს სუბიექტთა სოციალურ იდენტობას და თვითნებურად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. აღნიშნულის პარალელურად, კანონით გათვალისწინებულ სუბიექტთა საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, ანგარიშვალდებულების ფორმა, მონიტორინგის წესი და პასუხისმგებლობის ზომები არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებს.
მოსარჩელე მხარე აგრეთვე მიუთითებს, რომ სადავო კანონით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი ეწინააღმდეგება პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის უფლების ფორმალურ და მატერიალურ მოთხოვნებს, ხოლო სადავო ნორმებით გათვალისწინებული ვალდებულებების კანონის ამოქმედებამდე პერიოდში წარმოშობილ და დასრულებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე გავრცელება არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ კანონის უკუძალის აკრძალვის პრინციპს. მოსარჩელეთა ნაწილი აგრეთვე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები იწვევს მათ დისკრიმინაციას, ვინაიდან აყენებს უთანასწორო მდგომარეობაში ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან მიმართებით, რომლებიც ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს და აბრკოლებს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესს, რითიც იგი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებას.
კონსტიტუციური სარჩელების ავტორები აგრეთვე შუამდგომლობენ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავოდ გამხდარი ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი“, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციაში.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024