22/06/2022
17:55
სამართალი
ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის პროფესიული ნიშნით, ძალადობის გამოყენებით დევნის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინეს, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ივნისს, „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორი მცირეწლოვან შვილებთან ერთად, ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის განხორციელების, კერძოდ, პირდაპირი ეთერში რესპოდენტის ჩართვის მიზნით, ბათუმში, 6 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. პირდაპირი ეთერის დაწყებამდე, ოპერატორმა ადგილზე განათავსა ტელეკომპანიის კუთვნილი ვიდეოკამერა, ხოლო მის მცირეწლოვან შვილს ხელში ეჭირა „ტელეკომპანია პირველის“ ლოგოს გამოსახულებიანი მიკროფონი, რა დროსაც მათთან მივიდნენ ბრალდებულები, რომლებმაც უკმაყოფილება გამოხატეს „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტური საქმიანობის გამო, რაც გამოიხატა ტელეკომპანიის თანამშრომლის მისამართით სხვადასხვა სახის შეურაცხმყოფელი შეძახილითა და გინებით. სიტყვიერი შეურაცხყოფის პარალელურად, ბრალდებულებმა, მრავალჯერადი დარტყმით, „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ბრალდებულები 21 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დევნა, პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურამ, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.
„გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოს პროკურატურა ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის გამო დევნისა და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებზე მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს“, - აცხადებენ უწყებაში.
0
0