06/11/2021
23:44
საზოგადოება
“ყოველგვარი შესავლის გარეშე პირდაპირ ვიტყვი, რომ ნაცებმა თავისას მიაღწიეს.
დიახ, ზუსტადაც რომ მიაღწიეს იმ მიმართულებით, რომ უკვე რამდენი თვეა მუდმივი სტრესის და დაძაბულობის ქვეშ აცხოვრებენ სრულიად საქართველოს.
არ მითხრათ, რომ მათს აქციებზე მხოლოდ 20 კაცი გამოდის. არ მითხრათ, რომ მათი ტელევიზიები მხოლოდ ფეიკს ავრცელებენ. არ მითხრათ, რომ რევოლუციას ვერ მოახდენენ.
უკაცრავად რა!
მაინცადამაინც გილიოტინა უნდა იდგას თავისუფლების მოედანზე, რომ ვთქვათ რევოლუცია მოხდაო?
მაინცადამაინც 500.000 კაცი უნდა დადგეს რუსთაველზე, რომ ვთქვათ აქცია ჩატარდაო?
რაში სჭირდებათ?
მთელი ქვეყანა იმ დღის წესრიგით ცხოვრობს, რასაც სააკაშვილი და გვარამია წერენ.
ვბრაზდებით მელაძის იდიოტურ დიქციაზე და სიუჟეტებზე, ვაგინებთ გუბაზას, დავცინით დაანანსებული მრავალათასიანი აქციის ნაცვლად რუსთაველზე მისულ ორიოდ კინკილა ადამიანს. გვიხარია, რომ არჩევნების მეორე (მეორე!!!) ტურში ანზორ მელიამ წააგო და ეს არის ჩვენი ცხოვრება.
შევლენ პარლამენტში, თუ არა.
ხელს მოაწერენ, თუ არა.
დიდი შეკრება ექნებათ, თუ არა.
მოკლავენ ვინმეს, თუ არა.
ჭამს, თუ არა.
ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ, თუ არა.
სახალხო დამცველი მორიგ ბოროტებას იტყვის, თუ არა.
ვიღაც უცხოელი პენსიონერი ჩვენს ხელისუფლებას წერილს გამოუგზავნის, თუ არა.
ამასობაში ცხოვრება გადის.
ტელევიზიებს კამერები არ ჰყოფნით, რომ სხვა რამ გააშუქონ.
ფეხით შემოვედი ქუჩაზე და კორპუსებს რომ ავხედე, მივხვდი – მცხოვრებთა 5/6-ს სულ ცალ ფეხზე ჰკიდია პოლიციელებმა რუსთავის მე-12-სთან ვიღაც ანგაჟირებულ ტიპს შეურაცხყოფა მიაყენეს, თუ კანონიერად იმოქმედეს.
ფეხებზე ჰკიდია,მაგრამ ამით ცხოვრობს.
ცხოვრობს იმიტომ რომ ყველგან, სახლში, ტრანსპორტში, სამსახურში, მაღაზიაში, კაფეში, გამორთულ უთოშიც კი ისმის – ოპოზიციის ლიდერები. მელიამ სამოქმედო გეგმა გაასაჯაროვა. მოპოვებულია უტყუარი ინფორმაცია და მსგავსი საშინელება.
ამ მარაზმს, არავის ვაბრალებ. არავის. მეც მაქვს ჩემი წვლილი, მაგრამ ასე ცხოვრება შეუძლებელია. არც რეცეპტი მაქვს, როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. ერთი კი ვიცი ზუსტად – ჩვენ ნაცების დღის წესრიგით ვცხოვრობთ.
არავინ მითხრათ არც ის, რომ პოლიტიკაში არ ვერევიო და არც ის, ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებო.
თუ ამ სტატუსს კითხულობ და აკომენტარებ, ე.ი. ჩართულიც ხარ, უყურებ და შენც მათი დღის წესრიგით ხარ”.
0
0