04/03/2024
11:59
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობას „ომი არ სჭირდება“. ამის შესახებ მან მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალზე გამოსვლისას განაცხადა.
არძინბას თქმით, ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, საქართველო ამერიკელების მხარდაჭერით უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე.
„ჩვენ, აფხაზები, საკუთარ თავს ვუსვამთ კითხვას, რატომ არ აწერენ ხელს შეთანხმებას? საქართველოს ნამდვილად სურს ბრძოლა? ან ამერიკელებს უნდათ მეორე ფრონტის გაჩაღება? ჩვენ გვესმის, ასე თუ ისე, ინფორმაცია, რომ ამერიკელები მეორე ფრონტის გაჩაღებას აპირებენ, მაგრამ, მადლობა ღმერთს, საქართველოს ხელისუფლება გონიერია, ომი არავის სჭირდება, მათ შორის თავად საქართველოს. იმიტომ, რომ დღეს, საკანონმდებლო ბაზის მიხედვით, აგრესია აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ არის აგრესია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამას არ გააკეთებს“, - განაცხადა მან.
არძინბამ სოხუმსა და მინსკს შორის კონტაქტებზეც ისაუბრა და ბელორუსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების იმედი გამოთქვა.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024