01/12/2022
15:34
კულტურა
ასოციაცია „ფრანგული რენესანსის“ საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატივით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, გაიმართა ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს შესახებ „საქართველო კულტურათა გზაგასაყარზე“.
კონფერენცია ზღვისგადაღმა ტერიტორიების მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ დარბაზში ჩატარდა, რომელიც პარიზში, იმ ქუჩაზე მდებარეობს, სადაც 1921 წელს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციამ დაიდო ბინა.
სახელწოდება „საქართველო კულტურათა გზაგასაყარზე” სიმბოლური ხასიათისაა, ვინაიდან ისტორიულად და გეოგრაფიულად საქართველო მუდამ იყო კულტურათა გზაგასაყარზე და წარმოადგენდა ერთგვარ დამცავ კედელს ევროპული ქვეყნებისათვის. მიუხედავად მძიმე ხვედრისა, რაც გაუთავებელი შემოსევებითა და დაპყრობებით გამოიხატებოდა, საქართველო ყოველთვის ახერხებდა, დაეცვა სამი ფუძემდებლური ელემენტი ჩვენი ერისა - მამული, ენა და ქრისტიანული სარწმუნოება.
ღონისძიება საზეიმოდ, კულტურული პროგრამით დაიხურა. შესრულდა ქართული საგალობლები და მრავალხმიანობის ნიმუშები, მსმენელთა წინაშე წარდგნენ ანსამბლები „ქართული ჰარმონია” და „მარანი”.
საერთაშორისო ასოციაცია „ფრანგული რენესანსის" საქართველოს წარმომადგენლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით 2020 წლის 26 ნოემბერს დაფუძნდა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს როგორც ფრანგული ენისა და კულტურის, ფრანკოფონიული ლიტერატურის პოპულარიზაციას საქართველოში, ასევე ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას საფრანგეთსა და ფრანკოფონიულ ქვეყნებში. წარმომადგენლობა აერთიანებს 14 სექციას: განათლება, საუნივერსიტეტო თანამშრომლობა, ხელოვნება/კულტურა, თეატრი, ლიტერატურა, მეცნიერება, ისტორია/ფილოსოფია, ფრანკოფონია, თარგმანი, ტურიზმი, მეღვინეობა, ეკონომიკა/მეწარმეობა, მედიცინა და სპორტი.
ინფორმაციას, საქართველოს კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
0
0