30/11/2022
15:00
სამართალი
თბილისის მერის, კახა კალაძის ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, კმაყოფილია სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაგრამ მას სურდა, რომ ტვ „პირველის“ წამყვანს უფრო მეტი თანხა დაკისრებოდა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი, როდესაც ადამიანი თავისი უფლებების დასაცავად მიდის სასამართლოში და სასამართლოს წარუდგენს კონკრეტულ არგუმენტებს, მტკიცებულებებს. მე პირადად ვარ ძალიან კმაყოფილი. დადასტურდა ჩვენი ვარაუდები, რომ არანაირი დოკუმენტაცია არ არსებობდა და ეს იყო ცრუ და ტყუილი ინფორმაცია. რაც შეეხება მორალურ ზიანს, 15 ათასი ლარი, მერწმუნეთ, საკმაოდ ნორმალური ანაზღაურებაა საქართველოს დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით და სამწუხაროა, რომ უფრო მეტი არ დაეკისრა“, - განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, ტვ „პირველს“ და ჟურნალისტ მაია მამულაშვილს კახა კალაძისთვის 15 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ. ამასთან, „TV პირველს“ და მაია მამულაშვილს თბილისის მერის შესახებ გავრცელებული ცნობების უარყოფაც დაევალათ. უფრო კონკრეტულად კი, დაცვის მხარის განცხადებით, მამულაშვილმა წყაროს მითითების გარეშე, მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ კალაძემ ტენდერებიდან 60 მილიონი მიიღო.
ამასთან, ტვ “პირველის” საინფორმაციოს ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამ თანხას ტელეკომპანია ვერ გადაიხდის.
0
0