30/09/2024
14:18
არჩევნები 2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” 26 ოქტომბრის არჩევნებს თავად ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება.
ამის მიზეზად ორგანიზაცია ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ასახელებს, რომელმაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო.
როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა“ განმარტავს, ანტიკორუფციული ბიუროს “აბსურდული გადაწყვეტილების გამო“ ორგანიზაციაზე პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილი რეგულაციები ვრცელდება, რაც მათ სპეციალური საარჩევნო ფონდის შექმნას ავალდებულებს, ასევე ეკრძალებათ ნებისმიერი დასავლური დაფინანსების მიღება-ხარჯვა და პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო ფინანსური ანგარიშების წარდგენა ევალებათ.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ის ხმების დაცვისთვის ბრძოლას ინდივიდუალურად განაგრძობს.
“თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეაჩერა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილება, რომლითაც ჩვენი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად სრულიად უსაფუძვლოდ ცნო.
გადაწყვეტილების შეჩერებაზე ჩვენი შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის ფონზე, სასამართლო აგრძელებს საქმის წარმოებას ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.
თუმცა, ამ გადაწყვეტილების შეჩერებაზე უარი ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიასთან, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი პარტიის საარჩევნო სუბიექტთან გათანაბრებულ პირად არის ამ დრომდე მიჩნეული, მაშინ როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და მისი აღმასრულებელი დირექტორი არჩევნებში არ მონაწილეობს და კენჭს არ იყრის. ამ აბსურდული გადაწყვეტილების გამო, ჩვენზე ვრცელდება პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილი რეგულაციები, რაც ასევე გვავალდებულებს სპეციალური საარჩევნო ფონდის შექმნას, გვეკრძალება ნებისმიერი დასავლური დაფინანსების მიღება და ხარჯვა, ასევე გვეკისრება პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო ფინანსური ანგარიშების წარდგენა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” არ აღიარებს აბსოლუტურად უკანონოდ მინიჭებულ აღნიშნულ სტატუსს. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არც ორგანიზაცია და არც ჩვენი აღმასრულებელი დირექტორი არჩევნებში არ იყრის კენჭს. ასევე არც ერთი პოლიტიკური პარტიის სიაში ჩვენი არცერთი წარმომადგენელი არ ფიგურირებს. ამდენად, არ ვაპირებთ „ქართული ოცნების“ ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნების შესრულებას.
ცალსახად ვაცხადებთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ჩვენს მიერ დაანონსებული კოალიციური დაკვირვებისა და სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა” წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად სადამკვირვებლო ორგანიზაციის სტატუსი არ გაგვიუქმეს, მოკლებული ვართ შესაძლებლობას უშუალოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” სახელით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დავაკვირდეთ. ორგანიზაციის არსებობის 24 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო უბნებზე ჩვენი სახელის ქვეშ დარეგისტრირებული არც ერთი დამკვირვებელი არ გვეყოლება.
მიუხედავად ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” თითოეული თანამშრომელი გამოვიყენებთ ჩვენს გამოცდილებას, ცოდნას და ინტელექტუალურ რესურსს, რათა სადამკვირვებლო მისიას „ჩემი ხმა” და ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს დავეხმაროთ არჩევნების მაღალკვალიფიციურ დაკვირვებაში. ჩვენ ეს ბარიერები არ გაგვაჩერებს.
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავლისათვის! ჩვენ დავიცავთ ყველას ხმას!“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024