25/03/2024
11:11
ეკონომიკა
RE/MAX Capital-ის დამფუძნებელი დირექტორის მარიამ ასათიანის თქმით თბილისში ბინების ყიდვაზე მოთხოვნა კვლავ ნარჩუნდება. როგორც მარიამ ასათიანმა „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, პრემიალური სეგმენტის მხრიდან მაღალი მოთხოვნა ნარჩუნდება მთაწმინდის და ვაკის მიმართულებით და პრემიალურ სეგმენტს ასევე დაემატა საბურთალოც.
„ვაკის და მთაწმინდის მიმართულებაზე მაღალი მოთხოვნა და ფასები ნარჩუნდება, თუმცა იზრდება და ეწევა საბურთალოს მიმართულებაც და საბურთალო ხდება პრემიალური იმასთან შედარებით, რაც აქამდე იყო. საბურთალოზე გაიზარდა ძვირად ღირებული პროექტების რაოდენობა, რამდენიმე ახალმა დეველოპერმა დაიწყო მშენებლობა და გამომდინარე იქიდან, რომ მომხმარებელს სთავაზობენ უფრო მაღალი ხარისხის და სტანდარტის დეველოპმენტს, ფასებიც გაიზარდა, შესაბამისად დღეს საბურთალოც პრემიალურია.
ასევე დედაქალაქში ჩნდება სხვადასხვა პრემიალური წერტილები, ეს არის კრწანისის მიმართულება, უშუალოდ კრწანისში რამდენიმე დეველოპმენტის გამო შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს უბანიც პრემიალურ სეგმენტს შეუერთდა.“ - აღნიშნა მარიამ ასათიანმა.
ასათიანის თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ პრემიალურ კლასში დაუსრულებელ ბინებზე მიწოდება უფრო მაღალია, ვიდრე მოთხოვნა და მშენებარე ბინების 70-80% გაყიდულია, ხოლო დასრულებულ პროექტებში მიწოდება ჩამოუვარდება მოთხოვნას და დასრულებული ბინების სრული უმრავლესობა გაყიდულია.
„რაც შეეხება ბიუჯეტურ სეგმენტს, აქ უფრო დაბალანსებულია მოთხოვნა და შესაბამისად იყიდება, თუმცა მოლოდინი არის, რომ ფასები უფრო დასტაბილურდება ან დაიკლებს. ამის გამო ბაზარი გაჩერებულია. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს უფრო მყიდველის მოლოდინია, ყველამ იცის, რომ მიგრანტების ტალღამ გადაიარა და გარკვეულ წრეებს აქვთ მოლოდინი, რომ ამან შესაძლოა ბინებზე ფასების კლება გამოიწვიოს. როდესაც მყიდველმა არ იცის თუ რა მოუვა ბაზარს, ურჩევნია რომ შეჩერდეს და დაელოდოს, თუმცა ფასები არ დაკლებულა და გარკვეულ სეგმენტზე პირიქით მატებაც იყო, ვფიქრობ, რომ მატება კვლავ გაგრძელდება, მაგრამ არა ისეთ ტემპით, როგორც ეს აქამდე იყო, მაგრამ ბინებზე ფასების კლებას არ ველოდები“- აღნიშნა მარიამ ასათიანმა.
რაც შეეხება ძველი ბინების მიმართულებას, მარიამ ასათიანის თქმით, როდესაც ფასების ანალიზი კეთდება, ძველი ბინების მესაკუთრეები მიიჩნევენ, რომ ეს ფასები ყველა სეგმენტს ეხება და მათაც შეუძლიათ, რომ ფასები გაზარდონ, შესაბამისად, არასწორ გადაწყვეტილებას იღებენ და თვეობით ვერ ყიდიან ბინებს.
„აქ არ მაქვს საუბარი ძველ ისტორიულ და მაღალჭერიან ბინებზე, რომელიც რიგ შემთხვევაში უფრო ძვირი ღირს ვიდრე ახალი ბინები და უფრო დაფასდა, ათი წლის წინ ეს ტენდენცია არ იყო და ეს ბინებიც ძველ აშენებულ სახლებში გადიოდა. ძველი აშენებული სახლებიდან მკვეთრად გამოიყო მაღალჭერიანი ძველი ბინები.
რაც შეეხება საბჭოთა დროინდელ ბინებს აქ ფასი იკლებს, რადგან ეს არ არის გრძელვადიან კაპიტალური ღირებულებაზე გათვლილი, დღეს ბაზარზე ბევრი ახალი სტანდარტის მქონე სახლი ჩნდება, ამიტომ საბჭოთა პერიოდის სახლების მესაკუთრეებს არ უნდა ჰქონდეთ იმის ილუზია, რომ მათი სახლებიც გაძვირდება.
რა საკვირველია საერთო ჯამში ფასები გაზრდილია წინა წლებთან შედარებით, თუნდაც კოვიდის წინანდელ პერიოდს რომ შევადაროთ, მაგრამ რა პროცენტითაც გაიზარდა ახალ სახლებზე ფასი, იმ პროცენტით არა.
ახალი სახლები ძვირდება იმიტომ, რომ ძვირდება მათი თვითღირებულება, ასევე ძვირდება მიწის ფასიც“ - აღნიშნა მარიამ ასათიანმა.
0
0
აღმაშენებლის ხეივანზე მსვლელობა დასრულდა
16/11/2024