02/09/2024
15:09
სპორტი
როგორც ცნობილია, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გურამ თუშიშვილი 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალში ტედი რინერთან შეხვედრისას მომხდარი ინციდენტის გამო. ეს გადაწყვეტილება თავად ფედერაციამ გამოაქვეყნა 8-გვერდიან დასაბუთებით დასკვნასთან ერთად, რომელშიც აგრეთვე წარმოდგენილია გურამ თუშიშვილის წერილი, რომლითაც ის შეხვედრის მსაჯს ბოდიშს უხდის და სთხოვს, ყურადღება მიაქციოს იმ გარემოებებს, რამაც სპორტსმენის საქციელი გამოიწვია.
როგორც თუშიშვილი ამბობს, ტედი რინერმა მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, მისი მისამართით ისეთი ქმედებები დაიწყო, რაც სხვას არაფერს ისახავდა მიზნად, თუ არა მის დაცინვასა და დამცირებას.
„პირველ რიგში, მინდა წუხილი გამოვთქვა მომხდარი ინციდენტის გამო. რა თქმა უნდა, ის, რაც ჩემსა და ტედი რინერს შორის ტატამზე მოხდა, არანაირად არ არის მისაღები. ვიაზრებ ამ ფაქტის ნეგატიურ მხარეს და კიდევ ერთხელ ვიზიარებ ჩემს წინ პასუხისმგებლობას. არ მქონია და არც ახლა მაქვს ტედი რინერთან პირადი კონფლიქტი. ჩვენი შეხვედრების დროს, მასთან არასდროს მიუხეშია. ამის დასტურად ვიტყვი, რომ იმ შეხვედრის შემდეგ, რომელიც ჩემს სასარგებლოდ დასრულდა გორში ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე, პატივისცემის ნიშნად თავი დავხარე და ხელი ჩამოვართვი, რომ მისი პიროვნების მნიშვნელობა აღმენიშნა და პატივისცემა გამომეხატა. ჩემთვის სამწუხაროდ, მისგან იგივე პატივისცემა არ მიმიღია მას შემდეგ, რაც ოლიმპიადაზე მან გაიმარჯვა. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ წამომდგარიყო და თავისი გამარჯვება გულშემატკივრებთან ერთად აღენიშნა, ჩემკენ მოტრიალდა იმ ადამიანისთვის დამახასიათებელი ჟესტით, რომელსაც გულში ბოღმა აქვს (მოგვიანებით მან ერთ-ერთ ინტერვიუში დაადასტურა, რომ შური იძია). მან ეს სრულებით მიუღებელი ფორმითა და ერთადერთი მიზნით გააკეთა, რომ მილიონობით ადამიანის წინაშე დავემცირებინე. აღარაფერს ვამბობ ენის გამოყოფასა დამამცირებელ თუ დამცინავ ჟესტებზე.
რა თქმა უნდა, ამ განმარტებით არ ვცდილობ იმ საქციელის გამართლებას, რომელიც ამას მოჰყვა და უბრალოდ ვცდილობ აგიხსნათ, როგორია ადამიანისთვის, რომელიც მთელი ცხოვრებაა თავისი ოცნების ასასრულებლად ემზადება, ტატამზე წაგების შემდეგ დამამცირებელი და დამცინავი პასუხი მიიღოს მოწინააღმდეგისგან, თითქოს ის უპირატესი იყოს, მეორე ადამიანი კი არაფერს წარმოადგენდეს.
მომხდარის თქვენს ვერსიას არ ვაპროტესტებ. უბრალოდ, მინდოდა ხაზი გამესვა, რომ ჩემი ქმედებები იყო ბატონი რინერის იმ ქცევასა და ჟესტებზე რეაქცია, რაც თქვენ, შესაძლოა, ვერ შენიშნეთ. მტკიცებულების სახით, ვურთავ ფოტომასალას და გულითადად გთხოვთ, კიდევ ერთხელ უყუროთ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც აშკარად ჩანს, რომ პროვოკაციული ქმედებები სწორედ მისგან მოდიოდა. როგორც უკვე აღვნიშნე ჩემს წინა წერილში, იმის მიუხედავად, რომ კონტექსტი არ ამართლებს ჩემს შემდგომ ქცევას, რისთვისაც დაუყოვნებლივ მოვიხადე ბოდიში და მივიღე დისკვალიფიკაცია, როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ ასპარეზობაში, საჭიროდ ვთვლი, დამატებით წარმომედგინა ჩემი თვალთახედვა. კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს იმისთვის, რომ უხერხულ სიტუაციაში ჩაგაყენეთ“, - ნათქვამია გურამ თუშიშვილის წერილში.
0
0