28/11/2022
11:05
კულტურა
19 ნოემბერს, სოფელ მუშევანში (ბოლნისის მუნიციპალიტეტი) X საუკუნის ეკლესიის და მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდის დროს „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ წევრებმა აღმოაჩინეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქართული წარწერა, რომელიც აქამდე დაკარგულად ითვლებოდა - “ქრისტე შეიწყალე კრავაი დედოფალი.“ ამის შესახებ განცხადებას „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ავრცელებს.
„წარწერა მას შემდეგ იქნა აღმოჩენილი, რაც ტერიტორია ეკალბარდებისგან გაიწმინდა და ეკლესიის კედლის ნანგრევები გამოჩნდა.
X საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - მუშევანის ეკლესია - ცნობილია მნიშვნელოვანი ქართული წარწერებით, რომელთაგან სამი ჯერ კიდევ იკითხება ეკლესიის ერთადერთ შემორჩენილ კედელზე, დანარჩენი ორიდან კი ერთი კედლის მიმდებარედ ძევს, ხოლო მეორე - დაკარგულად ითვლებოდა.
მძიმე მდგომარეობაში მყოფი მუშევანის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (X საუკუნის და გვიანი შუასაკუნეების ეკლესიები) აქტივისტებმა ჯერ კიდევ 10 ნოემბერს მოინახულეს. 19 ნოემბერს ისინი უკვე გაიწმინდა ხე-მცენარეებისგან და შემოიღობა, გაკეთდა შესაბამისი გამაფრთხილებელი წარწერაც. გაზაფხულზე იგეგმება მათი საკონსერვაციო სამუშაოები“, - ნათქვამია განცხადებაში.
0
0