15/11/2021
13:43
სპორტი
მატჩის წინ ფრანგულ გაზეთ Ouest-France-ში სათაურით „ქართველები - მედგარი, ძლიერი, წინააღმდეგობის გამწევი მოთამაშეებია“ გამოქვეყნდა ინტერვიუ დიმიტრი იაშვილთან - რაგბში საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველთან, ამჟამად კი France Televisions-ის სპორტულ კონსულტანტთან, რომელიც ჟურნალისტ ევიენ რენუს ესაუბრება.
გთავაზობთ ამონარიდებს ვრცელი ინტერვიუდან:
- საიდან იწყება თქვენი „ქართული ფესვები“?
- მე საფრანგეთში დავიბადე, მაგრამ თავს ქართველად ვთვლი. ბაბუაჩემი მამის მხრიდან [კარლო იაშვილი] კავკასიაში მდებარე ქვეყანაში - საქართველოშია დაბადებულ-გაზრდილი. იგი მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირის წითელი არმიის რიგებში გერმანელ ფაშისტებს ებრძოდა, ტყვედ ჩავარდა, გაიქცა და საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობას შეუერთდა, კვლავ გერმანელებთან საბრძოლველად...
- რა ადგილი აქვს დაკავებული ქართულ კულტურას თქვენს ცხოვრებაში?
- ვფიქრობ, ქართველობა ჩემს ხასიათში მაქვს (იცინის) და იმაშიც, თუ როგორვ ვუყურებ ცხოვრებას. ჩემი ბაბუა და ბებია ხშირად მიყვებოდნენ ბევრ ისტორიას შორეულ, ზღაპრულ სამშობლოზე - საქართველოზე, მაგრამ სანამ საკუთარი თვალით არ ნახავ, მანამ ბოლომდე ვერ გაიგებ... სამი წლის წინათ მე და ჩემი ორი ძმა საქართველოში წავედით და სამშობლო მოვინახულეთ, ავტომობილით მოვიარეთ. მომეჩვენა, რომ საქართველოში თითქოსდა ყველაფერი ნაცნობი იყო, თითქოსდა იქ უკვე ნამყოფი ვიყავი... უცნაური გრძნობა დამეუფლა. იცით, ყველაფერს სიტყვებით ვერ გადმოსცემ... ეს ჩემს ცხოვრებაში ძალზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო.
- და რატომ იყო საქართველოში ჩასვლა თქვენთვის მნიშვნელოვანი?
- ჩვენს ცხოვრებაში მემკვიდრეობითობა დიდ როლს ასრულებს. ვიყავით მშობლიურ მთიან სოფელში, მოვინახულეთ სახლი, სადაც მეოცე საუკუნის დასაწყისში ბაბუაჩვენი დაიბადა...
- თქვენი შეხედულებით, რაში გამოიხატება ქართული კულტურა? რით ჰგავს ან განსხვავდება სხვა კულტურებისგან?
- ქართული კულტურა დაფუძნებულია კაცთმოყვარეობაზე, სიკეთეზე, ადამიანისადმი პატივისცემასა და დახმარებაზე. ქართულ კულტურა მოიცავს ყოფა-ცხოვრების ადათ-წესებს, უფლისადმი რწმენას, სიმღერებს, სტუმარ-მასპინძლობას, ეროვნულ სამზარეულოს, ღვინის დამზადებას.. სხვათა შორის, არის დედამიწაზე ადგილი, რომელიც საქართველოს ჰგავს... მე 20 წელია ოჯახით ბასკეთის ქვეყანაში ვცხოვრობ [საფრანგეთის ნაწილში].
- თქვენი აზრით, რატომ არის საქართველოში რაგბი ესოდენ პოპულარული?
- ქართველები მედგარი და შეუპოვარი, წინააღმდეგობის გამწევი ხალხია. ქვეყანა ისეთ რეგიონში - კავკასიაში - მდებარეობს, ისეთ ქვეყნებს ემეზობლება, მაგალითად, რუსეთს, რომ სულ ზეწოლას განიცდის, მაგრამ უძლებს. ქართველთა წინააღმდეგობა იგრძნობა მათ კულტურასა და ტრადიციებში, სპორტში. სწორედ ამიტომ ქართველ მორაგბეებს თამაშის სპეციფიკური მანერა აქვთ. ისინი მებრძოლები არიან, მათ თამაშში ძლიერება იგრძნობა. ქართველი მორაგბეები გაბედული და ღირსეული სპორტსმენები არიან. ქართულმა რაგბმა აღმავალი გზით სვლა 2003 წლიდან დაიწყო, როცა ნაკრებმა პირველად მიიღო მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატში. (...)
თუმცა, რა თქმა უნდა, საფრანგეთის ნაკრებს უფრო მეტი გამოცდილება აქვს. მესმის, რომ ფრანგული რაგბი უფრო მაღალი დონისაა. მესმის, რომ საქართველოს ნაკრები ამჟამად განახლების პროცესშია, ახალი თაობის ძიებაში. დღეს ჩემი გული ორადაა გაყოფილი... მაგრამ მაინც მიხარია, რომ ერთმანეთს ვხვდებით. იმედი მაქვს, ფრანგები ძალიან არ „დაგვსჯიან“ (იცინის).
0
0