23/10/2024
21:35
არჩევნები 2024
2012 წელთან შედარებით, არნახული ზრდა გვაქვს ინფრასტრუქტურის მიმართულებით - მთელი საქართველოს მასშტაბით, შენდება უმაღლესი სტანდარტის, 4 ზოლიანი საერთაშორისო მაგისტრალები! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, განაცხადა.
მან ისაუბრა 12 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღწეულ წარმატებებზე და ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურული პროექტების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა თუ განათლების სფეროში ქვეყნის შესამჩნევ პროგრესს.
ბიძინა ივანიშვილმა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროინტეგრაციაზე და აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოს სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მოუპოვა ხელშესახები შედეგები ევროპასთან დაახლოების კუთხით, მაგალითად, უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი. მანვე აღნიშნა, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მიიყვანს ამ პროცესს ლოგიკურ დასასრულამდე.
„მოხდა რკინიგზის მოდერნიზაცია და მისი გამტარუნარიანობის ზრდა; გაიზარდა და იზრდება თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების მგზავრთა ნაკადი; იწყება ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის და ანაკლიის პორტის მშენებლობა!
2012 წელს, ტურიზმის შემოსავალი 1 მილიარდ 400 მილიონი დოლარი იყო; 2024 წელს კი 4.5 მილიარდ დოლარს შეადგენს;
2012 წელთან შედარებით, არნახულად გაიზარდა დაფინანსება სოფლის მეურნეობის მიმართულებით; 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი გლეხები და ფერმერები თავისუფლად სარგებლობენ სპეციალურად მათზე მორგებული სახელმწიფო პროგრამებით; შედეგად, რეალობიდან, როდესაც ღვინის სამშობლოში კახელი გლეხი ვაზს ჩეხავდა, მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ვენახების ფართობი მთელ საქართველოში 70%-ით არის გაზრდილი! 6-ჯერ გაიზარდა ყურძნის გადამუშავება, ღვინის ექსპორტი კი 65 მილიონი დოლარიდან - 259 მილიონი დოლარი გახდა; 2012 წელს ჩვენი მევენახეების შემოსავალი 70 მილიონ ლარს შეადგენდა, 2023 წელს კი 350 მილიონ ლარს მიაღწია;
2012 წლის შემდეგ, აშენდა: 63 ჰიდრო ელექტრო სადგური, 2 თბო ელექტრო სადგური და 1 ქარის ელექტრო სადგური; არსებული გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის საქართველო იქნება ენერგეტიკულად სრულად დამოუკიდებელი ქვეყანა!
2012 წელთან შედარებით, 4 ჯერ გაიზარდა განათლების სფეროს დაფინანსება; თვისობრივად გაუმჯობესდა სასწავლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა, აშენდა ახალი სკოლები, ბაღები და რაც მთავარია, საშუალოდ 500 ლარით გაიზარდა ჩვენი ძვირფასი პედაგოგების ანაზღაურება.
2012 წლამდე საქართველოს არ ჰქონდა რეალური ევროპული პერსპექტივა; „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კი საქართველოს მოუპოვა უვიზო მიმოსვლა, შეთანხმება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი!
გარწმუნებთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ამ პროცესს აუცილებლად მივიყვანთ ლოგიკურ დასასრულამდე და სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდება საქართველო ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი.“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
0
0