20/09/2021
12:40
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, ბათუმში მმართველ პარტიას 49.2%-იანი მხარდაჭერა აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 29.8%-იანი, პარტია „საქართველოსთვის“ კი 4.1.%-იანი.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, კვლევის მიხედვით, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ 2,8%-იანი მხარდაჭერა აქვს, „ლელოს“ 2,1% უჭერს მხარს, „პატრიოტთა ალიანსს“ 1,9%, „მესამე ძალას“ 1,2%, მოქალაქეებს“ 1,2%, „ლეიბორისტულ პარტიას“ 1,1%, „ევროპული საქართველოს“ 1,1%, „გირჩს“ 0,6%, სხვა პარტიებს კი 4,9% უჭერს მხარს.
„რეიტინგების გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ შვიდივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს. შესაბამისად, ბათუმის საკრებულოს არჩევნები ამ შედეგებით რომ დასრულდეს, საკრებულოს წევრთა მანდატები პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა: „ქართული ოცნება“ 24, „ნაციონალური მოძრაობა“ 10, „საქართველოსთვის“ 1 მანდატი“,- განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება ბათუმის მერობის კანდიდატების რეიტინგს, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, კითხვაზე, „ხვალ რომ ბათუმის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“, გამოკითხულთა 54.1% ხმას „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს არჩილ ჩიქოვანს მისცემდა.
კვლევის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს გიორგი კირთაძეს ხმას 30.6% მისცემდა. „საქართველოსთვის“ კანდიდატს ირაკლი მიქელაძეს 4.6%, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ მერობის კანდიდატს გიორგი ფუტკარაძეს კვლევის მიხედვით ხმას 2.1% მისცემდა. „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატს ბონდო გუგულაძე 1.9% დაუჭერდა მხარს. დამოუკიდებელ კანდიდატს კახაბერ ცისკარიძეს 1.2%, ხოლო სხვა კანდიდატებს 5.5%-იანი მხარდაჭერა აქვთ.
„როგორც ხედავთ, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს აქვს ძალიან მყარი შესაძლებლობა, არჩევნები პირველივე ტურში დიდი უპირატესობით მოიგოს. რა თქმა უნდა, ყველაფერი 2 ოქტომბერს ბათუმელი ამომრჩევლის აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული. არჩილ ჩიქოვანს და საკრებულოს წევრობის კანდიდატებს ვუსურვებთ გამარჯვებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-17 სექტემბერის პერიოდში. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2690 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 87,9 % დაასახელა. ცდომილების ზღვარი შეადგენს 3 %.
0
0