19/11/2024
12:39
პოლიტიკა
პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პოლიციას და შინაგან საქმეთა მინისტრს კანონის პროფესიონალურად და მშვიდობიანი ფორმით აღსრულებისთვის.
არ შეიძლება რამდენიმე ათეულმა ადამიანმა და აგენტურულმა ოპოზიციამ დედაქალის პარალიზება მოახდინოს. ამას ბუნებრივია ქართული სახელმწიფო ვერ დაუშვებს. თქვენ იცით, რომ ერთი ღამის განმავლობაში მათ ეს მოახერხეს და გარკვეული პერიოდის შემდეგ პოლიციამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით.
ეს ექსტრემიზმი, რომელიც აგენტურული ოპოზიციის მიერ იყო განხორციელებული, წახალისებულია იმ უცხოელი პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში წინა დღეების განმავლობაში, წააქეზეს აგენტურა, აქ მაიდნისკენ მოუწოდეს მათ და თავად მშვიდად დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში.
გუშინ საქართველოს მოსახლეობამ ასევე მოისმინა საქართველოს პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილის აბსურდული განცხადებები, რომლებსაც დამეთანხმებით, რომ ვერც თავი გაუგო ვერავინ და ვერც ბოლო. სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ყველაფერზე, თუმცა პასუხი არ გასცა მთავარ კითხვას, რასაც ელოდა ალბათ ყველაზე მეტად მისგან საზოგადოება - ნიშნავს საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას თუ არა. თუ არა, ის ამით კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ვინაიდან ის არ ასრულებს პრეზიდენტის კონსტიტუციურ ვალდებულებას.
მეტი სიცხადისათვის, გვსურს საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ: თუკი სალომე ზურაბიშვილი კვლავ დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, არ შეასრულებს კონსტიტუციაში პირდაპირ გაწერილ საკუთარ მოვალეობას და არ დანიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს 10 დღისა და შესაბამისად, შევიკრიბებით პარლამენტში და შევუდგებით საპარლამენტო საქმიანობას.
არის კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც გუშინ უკვე გამოვეხმაურე სოციალური ქსელით, თუმცა, მინდა საზოგადოებას ამ ფორმატშიც მივაწოდო ინფორმაცია. იმ ადამიანების განცხადებები, რომლებმაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მხარდაჭერით საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს და ამ მანდატებზე ახლა საკუთარი სურვილით ამბობენ თითქოს უარს, ეს განცხადებები არის არალეგიტიმური და ამ ეტაპზე დაწერილ განცხადებებს იურიდიული ძალა არ გააჩნია. მათ ე.წ. ჩახსნა სიებისა, დღევანდელი მოცემულობით არ შეუძლიათ. მათი მოთხოვნა, მათი განცხადებები, იურიდიულ ძალას შეიძენს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათ უფლებამოსილებას ცნობს ახლადარჩეული პარლამენტი და უკვე ამის შემდეგ მიმართავენ იმავე შინაარსის განცხადებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს - მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩაითვლება, მიიჩნევა, რომ ისინი ნამდვილად უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე. დარწმუნებული ვარ, ეს თავადაც კარგად იციან და ამიტომაც, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ბუნებრივია, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, იმის შესახებ, რომ ჩვენი ოპონენტები ამ ეტაპზე სწორედ იმიტომ წერენ განცხადებებს, რომ შემდეგ მათ მართლა არ მოუწიოთ პარლამენტის და საპარლამენტო მანდატების დატოვება და მანდატებზე უარის თქმა. შემდეგ ალბათ იტყვიან, რომ ჩვენ უკვე დაწერილი გავქვს განცხადებები და ალბათ შეიკავებენ ახალი განცხადებების დაწერისგან თავს. დაველოდოთ, თუ მართლა უნდათ მათ დატოვონ საპარლამენტო მანდატები და საქართველოს პარლამენტი, როდესაც მათი უფლებამოსილება იქნება ცნობილი, მაშინ უნდა დაწერონ განცხადებები - თუ არ იციან, ვასწავლით.
ასევე ერთ თემას შევეხები: როგორც ჩანს, ევროპარლამენტის წევრი, მიხაელ გალერი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების განსაკუთრებულად მძაფრი და აბსურდული კრიტიკით გამოირჩევა, არ გააფრთხილეს, რომ საქართველოს შემთხვევაში გვაქვს საქმე უპრეცედენტო მოვლენასთან, რადგან საქართველოში პარალელური ხმის დათვლის მონაცემები არ ქვეყნდება. თავად განსაჯეთ, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც გალერი, სიმართლის დასადგენად, გუშინდელი განცხადებით, ითხოვს, პარალელური ხმის დათვლის მონაცემებთან ცესკო-ს მონაცემების შედარებას. ამ ფონზე, რაც უნდა პარადოქსულად ჩანდეს, არჩევნებიდან უკვე 24 დღეა გასული და ISFED-ს ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია პარალელური ხმის დათვლის მონაცემები და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, იმ აბსურდული განცხადებების კეთებას, რომ 10 უბანზე თუ 11 უბანზე დაირღვა ბალანსი, ვერ დათვალა ვიღაცამ ქალების და კაცების რაოდენობა, რაც გავლენას საერთოდ არაფერზე ახდენს, ამ გენდერულ დისბალანსზე აპელირებას, ჯობია, მათ გამოაქვეყნონ ქვეყნის მასშტაბით პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, ველოდებით.
ასევე, მინდა გამოვეხმაურო თქვენთან, ჟურნალისტებთან დაკავშირებულ საკითხს - ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს. მე მინდა, მხარდაჭერა გამოგიცხადოთ ყველას, ვინც გახდით ასეთი ზეწოლის, ბულინგის თუ დანაშაულის ობიექტები. ამგვარი დანაშაულებრივი ქმედებები, ხაზგასმით და მკაფიოდ ვაცხადებთ, არ უნდა დარჩეს არც საზოგადოების და არც საგამოძიებო ორგანოების ყურადღების მიღმა, მით უმეტეს, როდესაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს. სამწუხაროა ასევე, რომ რადიკალური ოპოზიციის ტელემედიების ჟურნალისტები, თქვენი კოლეგები, არც კი იმჩნევენ ხოლმე საკუთარი კოლეგების ბულინგს, შეურაცხყოფას და მშვიდად უყურებენ თქვენთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს და მათაც მოვუწოდებ, რომ კეთილი ინებონ, ამ შემთხვევაში მაინც გამოიჩინონ კოლეგიალობა და ერთი სიტყვა გაბედონ სხვა ჟურნალისტების დასაცავად და ამაზე მაინც ამოიღონ ხმა.
0
0