10/10/2024
21:31
არჩევნები 2024
„მთელმა ქვეყანამ კარგად იცის რას წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი. არავის დავიწყებია საკუთარი მოქალაქეების მკვლელობის, წამების, ბიზნესის და ქონების წართმევის და ათასი სხვა უბედურების მომტანი სისხლიანი მმართველობის 9 წელი და 12 წლის შემდეგ, ბათუმი და მთლიანად აჭარა ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ ზღვისპირა კურორტად გადაიქცა“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, პარტიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ბათუმში განხორციელებული პროექტების შესახებ ესაუბრა. მისივე თქმით, „რა პროპაგანდაც უნდა აკეთონ ჩვენმა ოპონენტებმა, რამდენიც არ უნდა ამტკიცონ, ყველაზე უკეთ ძვირფასო მეგობრებო, თქვენ იცით, აჭარის მაცხოვრებლებმა იციან, თუ რამდენი რამ გაკეთდა აჭარაში სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს. მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განხორციელდა აჭარაში და ბათუმი კიდევ გავიმეორებ, გადაიქცა ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ ზღვისპირა კურორტად“.
ასევე, პარტიის თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის“ იმ მთავარ ღალატზე გაამახვილა ყურადღება, რაც 2008 წლის აგვისტოში ჩაიდინეს.
მისივე თქმით, ამის საპასუხოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ერთადერთია, რომელმაც უწყვეტი მშვიდობა შეინარჩუნა და სწორედ მათი პრაგმატული პოლიტიკის დამსახურებაა, რომ ეკონომიკა და ქვეყნის ბიუჯეტი სამჯერ გაიზარდა.
„ძვირფასო მეგობრებო, „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულების სია ძალიან დიდია, მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ყველაზე დიდი დანაშაული და ღალატი, რაც მათ ჩაიდინეს, ეს არის 2008 წლის აგვისტოს ომი, როცა პოლიტიკურად გაკოტრებულმა რეჟიმმა მიზანმიმართულად არ გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს ომს აარიდებდა, ქვეყანა კი საშინელ ავანტიურაში ჩაითრიეს, რაც ჩვენი სამშობლოს დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციის, ჩვენი გმირი სამხედროების, ჩვენი გმირი პოლიციელების, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ფასად დაგვიჯდა, ათობით ათასი ჩვენი მოქალაქე საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა! და ყველანაირი ადამიანური და პოლიტიკური მორალისგან დაცლილი პოლიტიკური დამნაშავეების ერთობამ ცინიკურად, საკუთარ ხალხს გამარჯვება აზეიმა! ამის საპასუხოდ, მეგობრებო, „ქართული ოცნებამ“ ჩვენ ქვეყანას მოუტანა უწყვეტი 12 წლიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რამაც განაპირობა ყველა ის პროგრესი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს მოქალაქეებთან. სწორედ ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის დამსახურებაა, რომ ეკონომიკა და ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი სამჯერ გაიზარდა 12 წელში. და კიდევ გავიმეორებ, არ დარჩენილა არც ერთი სფერო, რომლის მიმართულებითაც ძალიან დიდ პროგრესს არ მივაღწიეთ“-,აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
0
0