26/11/2022
12:22
კულტურა
11-იდან 13 დეკემბრის ჩათვლით მოსკოვში დიდი ღონისძიებები „ქართული კულტურის დღეები“ გაიმართება. ინფორმაციას გვერდი kartvelebi.ru ავრცელებს.
ორგანიზატორი რუსეთში მცხოვრები ქართველების გაერთიანება, „ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიაა“.
ამავე ინფორმაციით, ქართული კულტურის დღეების ფარგლებში გაიმართება კონფერენცია მიგრაციისა და ტრანსპორტის საკითხებზე, ქართული დიასპორის ასოციაციების ხელმძღვანელების შეხვედრები, ასევე, გამოფენები, ქართული კულინარიის მასტერკლასები და ლექციები.
„ქართული კულტურის დღეების“ აღნიშვნა 13 დეკემბერს დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზული კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული წარმოშობის არტისტები, ასევე, იქნებიან ქორეოგრაფიული ჯგუფები.
ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ყველა ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიისა და ხელისუფლების წარმომადგენლები.
„ქართული კულტურის დღეები“ გაიმართება მოსკოვის ნაციონალურ სახლში, რუსეთის ხალხთა სახლში და სხვა.
ღონისძიების ორგანიზატორების ცნობით, დამატებითი დეტალები ღონისძიების შესახებ 1 დეკემბრიდან “ტელეგრამ არხზე” ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
0
0