08/02/2022
11:10
მსოფლიო
„ევროპის კონტინენტის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დიალოგი აუცილებელია, როგორც არასდროს. ჩვენ ინტენსიურ დისკუსიებს გავაგრძელებთ. ყურადღებას გავამახვილებ კონსტრუქციული წყობის შექმნაზე, რომელიც ორმხრივად მისაღებია რუსეთისთვის და დანარჩენი ევროპისთვის და ეს დაგვეხმარება ომის თავიდან აცილებაში“, - განუცხადა ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტებს პუტინთან ხუთსაათიანი საუბრის შემდეგ.
ემანუელ მაკრონის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ ორ ლიდერს შორის მოლაპარაკებები ,,სულ მცირე დეესაკალაციის პროცესს“ დაიწყებს.
რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მაკრონის ზოგიერთი წინადადება „შეიძლება შემდგომი ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის საფუძველი გახდეს“, თუმცა, მათზე საუბარი „ალბათ ჯერ კიდევ ნაადრევია“.
მოგვიანებით პუტინმა კვლავ გაიმეორა, რომ თუ უკრაინა შეუერთდება დასავლეთის სამხედრო ალიანსს - ნატოს - და შეეცდება ძალით დაიბრუნოს ყირიმი - რომელიც რვა წელია, რუსეთის მიერ არის ანექსირებული, ევროპა შეიძლება დიდ კონფლიქტში აღმოჩნდეს ჩათრეული.
„გინდათ, რომ საფრანგეთი რუსეთს შეებრძოლოს?“ - ჰკითხა პუტინმა ფრანგ ჟურნალისტებს. "აი რა მოხდება - ამ ომში ვერავინ გაიმარჯვებს“, - დასძინა მან.
როგორც პუტინმა აღნიშნა, პროგრესი უკვე მიღწეული იყო დასავლელ ლიდერთან მის პირველ მოსკოვის სამიტზე, რომელიც უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების განლაგების შემდეგ გაიმართა.
მოსკოვი უკრაინაში შეჭრის გეგმას უარყოფს. თუმცა, დასავლური ძალები სულ უფრო მეტად არიან შეშფოთებულნი მოსალოდნელი კონფლიქტის გამო.
0
0