07/02/2022
11:58
პოლიტიკა
„დღეს განიხილება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ბიუროზე, ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი საქართველოს პარლამენტში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღნიშნული კომისია შეიქმნას. ეს არის „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრიორიტეტული საკითხი, ამიტომ გავაგრძელებთ კონსულტაციებს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. ამ უმნიშვნელოვანეს ინიციატივასთან ერთად გვაქვს რამდენიმე ინიციატივა. ერთი, ეს არის საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის დაბარება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უახლოეს სხდომაზე.
უკრაინაში რუსული აგრესიისა და დასავლეთის მხრიდან შეკავების ახალი არქიტექტურის ფონზე, რეგიონში იქმნება ახალი რეალობა და ეს არის დიდი შანსი, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ხელისუფლების მხრიდან სრულ უმოქმედობას ვხედავთ. ამიტომ, როგორც ეს რეზოლუციის შემთხვევაში მოხდა, როგორც ეს მოხდა უკრაინაში ვიზიტის შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც სწორედ ოპოზიციამ უნდა იტვირთოს ხელისუფლების ფუნქცია და სწორედ ოპოზიციამ უნდა დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესები.
ჩვენ ვითხოვთ, რომ ზალკალიანი გამოცხადდეს კომიტეტზე, უპირველეს ყოვლისა, იმისთვის, რომ განვიხილოთ ჩრდილოეთის, ბალტიისა და შავი ზღვის ახალი თანამშრომლობის ფორმატში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ეს არის მცდელობა, რომ შეიქმნას ახალი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების სარტყელი რეგიონში და საქართველომ უნდა შეძლოს და გამოიყენოს ეს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სარტყელი. ეს არ არის ნატო-სა და ევროკავშირის ალტერნატივა, მაგრამ, როგორც მან განმარტა, ეს არის შესაძლებლობა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებამდეც მივიღოთ უსაფრთხოება და კეთილდღეობა“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
0
0