25/07/2024
16:00
სამართალი
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ. ინციდენტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში მოხდა.
„მთავარი არხის“ ჟურნალისტი ლადო მენაბდე „ინტერპრესნიუსთან“ მომხდარის დეტალებს იხსენებს და აცხადებს, რომ მას თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა, რა დროსაც დაზიანდა ტელევიზიის კუთვნილი კამერა.
მისი თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გასაუბრების ოქმი ადგილზე შეადგინეს, რის შემდეგაც საქმეში სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჩაერთო და ლადო მენაბდე და ოპერატორი ბათუმში გამოკითხვაზე დაიბარეს.
„ვიდექით სოფელ სუფსის ცენტრში, რა დროსაც, "სუბარუს" მარკის, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა გინება დაგვიწყო, კონკრეტულად „მთავარი არხის“ მიმართ. არ ავყევით, შემდეგ დაიწყო კონკრეტული ადამიანების გინება. ყვიროდა რაღაცებს, რეაქცია არ გვქონია, შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა, ჩემთან მოვიდა და დამარტყა.
ამ ადამიანებს საერთოდ არ ვიცნობ. როცა მისი მოგერიება დავიწყე, ამ დროს კიდევ 3 თუ 4 ადამიანი დამესხა თავს, რომლებმაც ჩემზე ფიზიკური ზეწოლა განახორციელეს და სახის არეში მცემეს. შემდეგ კამერა დაამტვრიეს.
ოპერატორმა დარეკა 112-ში, მე გადაუდებელი პირველადი დახმარება მესაჭიროებოდა. მომხდარიდან ნახევარი საათი შემდეგ, მე თავად დავრეკე 112-ში და 5 წუთში პოლიციელებიც მოვიდნენ, შემდეგ სამედიცინო სამსახურის ბრიგადაც მოვიდა, რომლებმაც პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გამიწიეს.
მითხრეს, რომ ფიზიკური დაზიანებების გამო, ჩემი საავადმყოფოში გადაყვანა იყო საჭირო, რაზეც მე უარი განვაცხადე.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გასაუბრების ოქმი ადგილზე შეადგინეს, მერე მითხრეს, რომ საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გადაიბარებდა და ისინი უბრალოდ ქვემდებარე ოქმით შემოიფარგლებოდნენ. ამ დროს დამირეკეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან და ახლა ბათუმში მივდივართ მე და ოპერატორი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე”, - განაცხადა „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ლადო მენაბდემ.
0
0