04/07/2024
19:20
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულ "ხელისუფლებას" სომხეთის პოზიცია - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თაობაზე, არ მოსწონს.
ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო, სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, არარატ მირზოიანის თბილისში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, როდესაც მინისტრმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერა გამოუცხადა :
„მოვუწოდებთ სომხურ მხარეს, არ გამოიყენოს სტერეოტიპული ფრაზები საქართველოს მითიური ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, რომლებიც ეწინააღმდეგება ობიექტურ რეალობას“, - ნათქვამია ე.წ. სამინისტროს განცხადებაში.
არარატ მირზოიანი საქართველოში გუშინ, 3 ივლისს იმყოფებოდა.
გარდა ამისა, სოხუმში ყურადღებას ამახვილებენ და შფოთავენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, „სომხური მხარის პოზიციის ცვლილებაზე".
სომხეთმა დევნილების დაბრუნების რეზოლუციას წელს პირველად დაუჭირა მხარი:
„აფხაზეთის სომხური დიასპორის მრავალი წარმომადგენელი ჩვენი რესპუბლიკის გამოჩენილი პატრიოტია და აფხაზი ხალხის გვერდით, იარაღით ხელში, იცავდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ქართველი აგრესორებისგან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში სომხეთის ხელმძღვანელობა სწორ დასკვნებს გამოიტანს შექმნილი სიტუაციიდან და დაარეგულირებს თავის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით“, - ნათქვამია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამინისტროს განცხადებაში.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024