28/09/2023
09:07
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა „უდინეზესთან“ გატანილ გოლზე. ქართველმა თავდამსხმელმა „ნაპოლის“ მოგებაში (4:1) მთავარი როლი ითამაშა – გოლის გარდა, პენალტი მოიპოვა (რომლთაც ნეაპოლელებმა ანგარიში გახსნეს) და საგოლე გადაცემაც შეასრულა.
„ნაპოლიმ“ მეტოქე პიოტრ ზელინსკის, ვიქტორ ოსიმენის, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯოვანი სიმეონეს გოლებით 4:1 დაამარცხა.
ხვიჩამ გოლსა და „უდინეზესთან“ გამარჯვებაზე პირველი კომენტარი ტელეკომპანია DAZN-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
„რა თქმა უნდა, მომენატრა ეს გრძნობა. ასეთი ხანგრძლივი უგოლო სერიის გამო ყველა ფეხბურთელი ინერვიულებდა, მაგრამ მე დავბრუნდი და ბედნიერი ვარ, რომ გუნდს დავეხმარე.
„სასუოლოს“ შემდეგ ეს პირველი მოგება იყო და ასე უნდა განვაგრძოთ. მწვრთნელთან ერთად გადავწყვიტეთ, უნდა დავუბრუნდეთ ისეთ ფეხბურთს, როდესაც ბურთს ვაკონტროლებთ. ვფიქრობ, დღეს გამარჯვება დავიმსახურეთ.
აჩვენა თუ არა ცუდი სტარტის შემდეგ დღეს „ნაპოლიმ“ თავისი ნამდვილი სახე? შეიძლება, ასეცაა. ჩვენ გვყავს კარგი მოთამაშეები, არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანა დღეს, ჩვენ ამ კლუბისთვის ჩვეულ სიმაღლეზე უნდა ვიყოთ. ფორცა, „ნაპოლი““, – ამბობს კვარაცხელია.
„ნაპოლი“ მომდევნო თამაშს 30 სექტემბერს „ლეჩესთან“ გამართავს, ხოლო 3 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში, „სტადიო მარადონაზე“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.
ცნობისთვის, კვარაცხელიას 19 მარტის შემდეგ არ გაუტანია, რამაც გულშემატკივრებში გარკვეული შეშფოთება გამოიწვია.
0
0