05/01/2024
09:25
სპორტი
„მეფე დაბრუნდა“, – ამ სიტყვებით შეეგება „მეცის“ ოფიციალური ვებგვერდი ამსტერდამის „აიაქსიდან“ გიორგი მიქაუტაძის იჯარით გადასვლას და სახალისო ვიდეო გაავრცელა.
„ეს იყო დროებით დამშვიდობება, მნიშვნელოვანია ამბავი, რაც ახლა ოფიციალურად გაცხადდა – გიორგი მიქაუტაძე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში კვლავ „მეცის“ მაისურით ითამაშებს. ქართველი ფეხბურთელი ამსტერდამის „აიაქსიდან“ იჯარით 2024 წლის ივნისამდე დაბრუნდა – ტრანსფერის გამოსყიდვის შესაძლებლობით.
მოზელის ნაპირებზე 2017 წელს დაწყებული ისტორია გრძელდება. ეს ის დროა, როდესაც თავდამსხმელი „მეცში“ „სენ-პრიესტიდან“ გადავიდა. „ლიონში“ ნავარჯიშევმა ფეხბურთელმა სწრაფად დაარწმუნა მწვრთნელები, რომ მისთვის მთავარი გუნდის კარი გაეღოთ. ლიონელის კარიერაში გარდამტეხი 2019 წლის დეკემბერი იყო, როდესაც 7 დეკემბერს ლიგა 1-ში „ნიცასთან“ სადებიუტო თამაში ჩაატარა და სამი დღის შემდეგ პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა.
მოგვიანებით, თავდამსხმელმა ორი სეზონი იჯარით „მეცის“ პარტნიორ ბელგიურ კლუბ „სერენში“ ითამაშა, სადაც 57 მატჩში 36 გოლი გაიტანა და „სერენი“ ჯერ ბელგიის ჟუპილერლიგაში (ბელგიის უმაღლესი ლიგა) გადაიყვანა, შემდეგ კი გუნდს იქ ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა.
ბელგიაში ამ ორი ნაყოფიერი წლით გამხნევებულმა 2022-2023 წლების სეზონში „მეცში“ დაამტკიცა, რომ მასზე იმედებს ტყუილად არ ამყარებდნენ. მიქაუტაძის გამორჩეული თამაშის წყალობით, „მეცი“ ფრანგული საკლუბო ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდა, მიქაუტაძე კი ლიგა 2-ის 2022-2023 წლების საუკეთესო ბომბარდირად და საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
ზაფხულში ქართველი ფეხბურთელით რამდენიმე გუნდი დაინტერესდა. ბომბარდირის არჩევანი ნიდერლანდებზე, ევროტურნირების მუდმივ მონაწილე ამსტერდამის „აიაქსზე“ შეჩერდა. მისი ფორმით ცხრაჯერ ითამაშა და ახლა იჯარით ბრუნდება „მეცში“, სადაც გულშემატკივრების გასახარად 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს“, – წერს კლუბის ოფიციალური გვერდი და გიორგის პირველ კომენტარს აქვეყნებს.
„ძალიან მიხარია, რომ დავბრუნდი. როცა „აიაქსში“ წავედი, ბევრი გამამხნევებელი მესიჯი მივიღე. ბოლო დღეებში კიდევ უფრო მეტი ქომაგი მწერდა. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, რადგან ეს სიყვარული ჩემთვის ბევრს ნიშნავს. აღფრთოვანებული ვარ, რომ ისევ „მეცში“ ვითამაშებ. მოედანზე ამ მაისურით გასვლას და გულშემატკივრებთან შეხვედრას მოუთმენლად ველოდები“, – ასეთი იყო „მეცში“ დაბრუნების შემდეგ გიორგი მიქაუტაძის პირველი სიტყვები.
პირველი არხი
0
0