30/11/2023
11:37
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა მიიჩნევს, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტი „არ უნდა დარჩეს შვილებსა და შვილიშვილებზე“, „აუცილებელია მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობების გამოძებნა“. ამის შესახებ შამბამ დევნილი მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთან (ემიგრაციაში მყოფი) ვახტანგ ყოლბაიასთან ონლაინ საუბრისას განაცხადა. შამბამ და ყოლბაიამ ჟურნალისტ ვანო ჩოკორაის კითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხეს.
„მე არაერთხელ მილაპარაკია ამ თემაზე და აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს არ მოსწონს ჩემი პოზიცია, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ არის პრობლემა, პირველ რიგში, უნდა ისაუბრო. არ არსებობს მეზობელი, ახლობელი ან თუნდაც მონათესავე ხალხები, რომლებიც ერთმანეთს არ შეებრძოლებიან. ამის მაგალითია მთელი ევროპა“, - განაცხადა შამბამ.
ბევრი, როგორც აფხაზური, ისე ქართული მხრიდან, მისი თქმით, კვლავ აგრესიულია.
„ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ეს გაივლის. თუმცა, ომიდან დიდი დრო გავიდა, უკვე 30 წელია. შესაძლებელი იქნებოდა როგორმე დაწყებულიყო გარკვეული მოძრაობები ურთიერთგაგებისკენ. მაგრამ ეს ნელ-ნელა ხდება.
მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი სახალხო დიპლომატიას და როცა საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, ჩვენი წარმომადგენლები ძალიან ხშირად ხვდებოდნენ ქართველ ოპონენტებს. ეს იყო ერთმანეთის პოზიციების გაგების შესაძლებლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოთ როგორმე წინსვლა. მე მაინც ამის მომხრე ვარ. მიმაჩნია, რომ კომუნიკაციისთვის სხვადასხვა არხები უნდა გამოვიყენოთ.
ჩვენს ხალხებს შორის არის კონფლიქტი, რომელიც გამოწვეულია მრავალი ისტორიული გარემოებით და განსაკუთრებით ომით და ამ კონფლიქტის დასაძლევად საჭიროა ვისაუბროთ და მოვძებნოთ ურთიერთგაგებისა და შემდგომი თანაარსებობის გზები“, - აღნიშნა სერგეი შამბამ.
0
0