12/11/2024
19:27
პოლიტიკა
არჩევნებიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა, ყოველდღე წვალობდა ოპოზიცია. ამისთვის წვალობდა, რომ ორი კვირის შემდეგ ეთქვა, არ შევალთ პარლამენტშიო? ბევრი მათგანი ისედაც ვერ მოხვდა პარლამენტში, გვარამია და ა.შ. გარდა ამისა, ჩვენ ეს ფილმი ნანახი გვაქვს 2020-2021 წლებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის განცხადებით, ეს ფილმი საზოგადოებას უკვე ნანახი აქვს.
„რამდენადაც მახსოვს, ახლა ქაღალდზე მოაწერეს ხელი და დაიფიცეს, არ შევალთო. ოთხი წლის წინ გვარამიას დაფაზე მოაწერეს ხელი, უფრო მყარი ფლომასტერი იყო და მაინც დაარღვიეს. შესაბამისად, ეს ფილმი ნანახი აქვს უკვე საზოგადოებას. არავის სჯერა, თუმცა მათიც უნდა გავიგოთ, რადგან მეტი აღარაფერი დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ რაღაც უნიჭო სერიალები დადგან და ხალხს უთხრან, ჩვენ ახლა პარლამენტში არ შევალთო. არ შევლენ თუ შევლენ, ერთი და იგივე ფასი აქვს. ესეც კარგად იციან, გამომდინარე იქიდან, რომ მათივე მხარდამჭერები უკვე იმედგაცრუებული არიან, იმ ოპოზიციის, რომელიც დამარცხდა ქუჩაშიც, პარლამენტშიც და უცხოეთშიც“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები სამართლებრივად იტყუებიან.
„ვინც არჩეულია მე-11 მოწვევის პარლამენტში, იმას ვერც ცესკო-ს სიიდან მოხსნი და ვერც უფლებამოსილებას შეუწყვეტ, რადგან უფლებამოსილება ჯერ არ არის ცნობილი. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია თითოეულ პარლამენტარს, განცხადება დაწეროს და სიიდან ვერ მოხსნი, რადგან უკვე არჩეულია, როგორც დეპუტატი. ამ ტყუილსაც აკადრებენ ხოლმე თავიანთ ამომრჩეველს. რაც შეეხება მათ, ვინც ვერ მოხვდა პარლამენტში, იმ სიაზე შეუძლიათ, მხოლოდ დაწერონ, ჩახსნან სიები. სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ, პარლამენტში როდესაც გააკეთეს მსგავსი, მერე გვეხვეწებოდნენ, რომ კანონი მივიღოთ, იქნებ სიები როგორმე აღვადგინოთო. ერთ წრეზე ტრიალებს ეს ხალხი და აქედან გამომდინარეც არის, რომ მათ ჰყავთ ძალიან ცოტა მხარდამჭერი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები ძალიან ჩაიკარგნენ პროცესებში.
„საკუთარი ოჯახის წევრებიც ალბათ აღარ ენდობიან, პრაქტიკულად, უკვე აღარაფერი აქვთ დარჩენილი. უცხოეთის იმედად იყვნენ და ახლა უცხოეთსაც და მათ პატრონებსაც თავიანთი ბედი აქვთ გადასაწყვეტი. ასეთი ტიპის იაფფასიანი სპექტაკლები ხალხს უკვე მობეზრებული აქვს, მათ შორის, მათსავე ამომრჩეველს. მათ წარმოდგენა არ აქვთ და ერთი იურისტი რომ დაიქირაონ, ცუდი არ იქნება. ის, რომ ერთიანობა არც ჰქონდათ და არც ექნებათ, თუნდაც ის არის, რომ გახარიას პარტია უკვე განსხვავებულ პოზიციაზეა, გამომდინარე იქიდან, რომ არ შეუერთდა ამ რაღაც ხელმოწერას. რაც შეეხება იმას, რომ ლეგიტიმაციას არ ვცნობ და პარლამენტის წევრობის შეწყვეტაზე არ დავწერ განცხადებას, ეს არის, რომ ცალი ფეხი ქუჩაში მაქვს და ცალი – პარლამენტში. ჯერ ერთი, არც არავინ ეკითხება გახარიას პარლამენტის ლეგიტიმურობას. პარლამენტი ლეგიტიმურია, როდესაც საქართველოს საზოგადოების უმრავლესობა აირჩევს. მათ შორის უცხოეთიდან დაიწერა უკვე, რომ ნორმალურად ჩატარდა არჩევნები. დანარჩენი, ვის რა მიაჩნია, ეს უკვე საკუთარი პირადი მოსაზრებებია და შეუძლიათ, ერთმანეთში ილაპარაკონ ამ საკითხზე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს მიმართავენ, მათი საარჩევნო სიის წევრები არ გაატარონ რეგისტრაციაში და არ გაიცეს მათზე დეპუტატის დროებითი მანდატი.
0
0
ქარი, წვიმა, მთაში მოთოვს - ამინდი უარესდება
15/11/2024