31/08/2023
17:04
ეკონომიკა
„ჯეოქეისის“ ცნობით, ახლახან იაპონია-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა (JGCCI) შეიქმნა.
მათი ინფორმაციით, JGCCI მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.
„შესაბამისი ინდუსტრიის ლიდერების მხარდაჭერით, იაპონია-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა იქნება ერთგვარი პლატფორმა მხარეებს შორის ცოდნის გაზიარების, ინვესტიციების მოზიდვისა და ბაზარზე წვდომის გამარტივებისათვის. JGCCI-ს უკვე შეუერთდა არაერთი იაპონური კომპანია, რომელიც საქართველოში ბიზნესის წარმოებითაა დაინტერესებული.
JGCCI-ის პრეზიდენტი „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი, იაპონიის ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარა გახდა. იაპონიის ელჩის თანამდებობაზე მუშაობით მიღებული გამოცდილება და ორი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ვითარების დეტალური ცოდნა ტადაჰარუ უეჰარას ზედმიწევნით შესაფერის ხელმძღვანელად წარმოაჩენს პალატის წარმატებული ფუნქციონირებისათვის.
პალატის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები, სემინარები, ვორქშოფები და წარმოებული კომუნიკაცია დაეხმარება როგორც იაპონურ, ასევე ქართულ ბიზნესს შეისწავლონ და მოსინჯონ ხელსაყრელი შესაძლებლობები ორივე ქვეყნის ბაზარზე.
ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ წარმატებას უსურვებს იაპონია-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას. დარწმუნებულნი ვართ, რომ იგი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს იაპონია-საქართველოს ურთიერთობებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას“, - აღნიშნულია „ჯეოქეისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0